ვალის შემცირების მიზნით იტალია  1,8 მილიარდის ღირებულების უძრავ ქონებას გაყიდის

იტალია სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული 1,8 მილიარდი ევროს ღირებულების უძრავი ქონების გაყიდვისთვის ემზადება. ამას ხელისუფლება მზარდი საგარეო ვალის გამო აკეთებს, - წერს Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით.

სააგენტოს ინფორმაციით, იტალიის ფინანსთა სამინისტრო განსაზღვრავს სახელმწიფო კუთვნილებაში არსებულ რეგიონალურ და ადგილობრივ ადმინისტრაციებთან ერთად იმ უძრავ ქონებას, რომლის გაყიდვაც არის შესაძლებელი. ძირითადად, საუბარია ყაზარმებზე, საავადმყოფოებზე და საოფისე შენობებზე, რომლებიც უკვე არ გამოიყენება.

სამწლიანი საბიუჯეტო გეგმა, რომელიც დეკემბერში დამტკიცდა, ითვალისწინებს შემოსავლებს უძრავი ქონების გაყიდვიდან 950 მილიონი ევროს ოდენობით 2019 წელს და დამატებით 150 მილიონით ყოველ მომდევნო წელს.

იტალიის სახელმწიფო ვალი ნოემბერში რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა და 2,35 ტრილიონი ევრო შეადგინა, რაც ამ ქვეყნის მშპ-ს 133%-ია. იტალიას ევროზონაში მოცულობის მეხედვით საბერძნეთის შემდეგ ყველაზე მეტი ვალი აქვს.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ მანამდე განაცხადა, რომ მისი ხელისუფლება ელოდება, რომ ბიუჯეტში გათვალისწინებული ზომები ხელს შეუწყობს ეკონომიკის აღდგენას 2019 წლის მეორე ნახევრიდან. თუმცა ექსპერტების ვარაუდით, იტალიის ეკონომიკის ზრდა 2019 წელს მთავრობის საპროგნოზო მაჩვენებელს - 1%-საც ვერ მიაღწევს.

კოკა კვირკველია