საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის შემოსავალმა აღნიშნულ პოსტზე გასულ წელს 294 000 ლარი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ საგანელიძე ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოხელედ ითვლება ქვეყანაში და მისი წლიური შემოსავლის საკითხიც არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა როგორ შეიცვალა მისი მდგომარეობა 1 წელიწადში. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 31 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს 2017 წელთან შედარებით საპარტნიორო ფონდში ნაკლები შემოსავალი მიიღო. კერძოდ, მისი 2017 წლის შემოსავალი დაკავებულ თანამდებობაზე 336 000 ლარი იყო.
დეკლარაციის მიხედვით, საგანელიძის უძრავ-მოძრავი ქონება 2018 წელს არ შეცვლილა. კერძოდ, საგანელიძე ფლობს: 126 კვ. მეტრი ფართობისა და 66,75 კვ. მეტრი ფართს ბათუმში, საცხოვრებელ კომპლექს „მაგნოლიაში“; 250,5 კვ. მეტრისა და 413,5 კვ. მეტრის ორ ბინას თბილისში; ამავე მისამართზე მდებარე 14-14 კვ. მეტრის ორ ავტოფარეხს და ასევე დედაქალაქში არსებულ 79,88 კვ. მეტრი ფართობის ავტოფარეხს.
მის საკუთრებაშია ასევე: 160 კვ. მეტრის საცხოვრებელი სახლი და 8 792 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი ონის მუნიციპალიტეტის სოფელ წმენდაურში; 1 200 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი და 300 კვ. მეტრის საცხოვრებელი სახლი (აგარაკი) მცხეთაში; 65 კვ. მეტრის ბინას თურქეთში, კარჩიჯაკში. ასევე მსუბუქი ავტომობილი - " ლინკოლნ ნავიგატორი".
დეკლარაციის შევსების მომენტში დავით საგანელიძეს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჯამში, 16 239 ლარი; 19 900 დოლარი; 920 ევრო; 1 500 ლარის ოდენობის საკრედიტო; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი (რეგისტრირებული შემოსავალი) 18 000 ლარი და 19 000 დოლარი ჰქონდა.
როგორც დეკლარაციაში აქვს მითითებული საგანელიძე არის შპს ”პულსის” 100%-იანი წილის მფლობელი, თუმცა, მისი საქმიანობით წინა წელს შემოსავალი არ მიუღია. რაც შეეხება გასავალს, 2018 წელს საპარტნიორო ფონდის დირექტორის გასავალმა საშემოსავლო გადასახადის სახით - 58 800 ლარი; ქონების გადასახადზე - 6 356,8 ლარი, ხოლო ქველმოქმედებაზე - 36 000 ლარი შეადგინა.
დავით საგანელიძე მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი მეუღლის შემოსავალმა უნივერსიტეტი „ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლად მუშაობისას 2018 წლის დეკემბერში 1 000 ლარი შეადგინა. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე 2 100 ლარი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი (რეგისტრირებული შემოსავლები) 21 000 ლარი და 16 000 დოლარი ჰქონდა. ამასთან, მისმა გასავალმა ქველმოქმედების მიზნით, წინა წელს 54 500 ლარი შეადგინა.