პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, სესხებზე ახალი საბანკო რეგულაციების ამოქმედებიდან საკმარისზე ნაკლები დროა გასული იმისათვის, რომ სრული სურათის დანახვა იყოს შესაძლებელი.
ამასთან, როგორც კოვზანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის იმ ორგანიზაციებს, რომელთაც შესაძლოა საბანკო რეგულაციების გამო გაყიდვები შეუმცირდათ, შიდა დაკრედიტების მექანიზმის განვითარებას ურჩევს.
„საჭიროა სრული დრო დაკვირვებისთვის. პროცესს ეროვნული ბანკი დააკვირდება და სრული სურათის მიღების შემდეგ საჭირო გადაწყვეტილებებს მიიღებს. საბანკო რეგულაციების თაობაზე რეგულაციები იმის გამო მივიღეთ, რომ შემცირდეს ჭარბვალიანობა, რაც არის მნიშვნელოვანი პრობლემა“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
არსებული ინფორმაციით, საბანკო რეგულაციების ამოქმედების შემდეგ შემცირდა ბინების გაყიდვების მაჩვენებელი. გაყიდვების შემცირებაზე საუბრობენ ელექტრონული ტექნიკის მაღაზიები.