რა ღირს შიდა ფრენები საქართველოში

საქართველოს მასშტაბით შიდა ფრენით სარგებლობა შეგიძლიათ მესტიის, ბათუმის და აბროლაურის მიმართულებით. „ბიზნესპრენიუსი“ დაინტერესდა, რა ღირს შიდა ფრენები საქართველოს აეროპორტებიდან.

ნატახტარი მესტიის მიმართულებით და პირიქით ავიარეისები ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას სრულდება. ფრენის სავარაუდო დრო 50 წუთია. ნატახტარი-მესტიის ღირებულება ზრდასრულთათვის 90 ლარია, 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის ვრცელდება 30%-იანი ფასდაკლება, ხოლო 3 წლამდე ბავშვებისთვის ფრენა უფასოა.

რაც შეეხება ქუთაისიდან მესტიის მიმართულებით და პირიქით ფრენებს, ორშაბათსა და პარასკევს სრულდება. ქუთაისი-მესტიის ერთი მიმართულების საფასური ზრდასრულთათვის 50 ლარია, 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის ვრცელდება 30%-იანი ფასდაკლება, ხოლო 3 წლამდე ბავშვებისთვის უფასო გახლავთ.

ნატახტარი ამბროლაურის მიმართულებით რეისები კვირაში ორ დღეს - ოთხშაბათსა და კვირას სრულდება. ნატახტარიდან ამბროლაურის მიმართულებით ფრენას 35 წუთამდე სჭირდება. რაც შეეხება ფასს, ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს.

რაც შეეხება თბილისი ბათუმის მიმართულებით ფრენებს, კვირაში სულ 5-ჯერ სრულდება და ეს დღეებია - ორშაბათი, სამშაბათი, პარასკევი, შაბათი და კვირა. ერთი გზის ფასი კი ამ ეტაპზე 125 ლარია.

ლიკა ამირაშვილი