2018 წელს Christie’s შემოსავლებმა 7 მილიარდი დოლარი შეადგინა

აუქციონის სახლის Christie’s-ის 2018 წლის შემოსავლებმა 7 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული.

„Christie’s-მ განიმტკიცა არტ-ბაზრის ლიდერის პოზიცია კომპანიის ისტორიაში ყველაზე მაღალი შემოსავლით. ერთი წლის განმავლობაში სააუქციონო გაყიდვები 3%-ით გაიზარდა, ხოლო გაყიდული ლოტების საშუალო მაჩვენებელმა 82% შეადგინა“, - წერია რელიზში.

Christie’s-ის ახალი კლიენტების წილმა საერთო მყიდველებს შორის 2018 წელს 32% შეადგინა, ხოლო მათი შემსყიდველობითი აქტიურობა გაიზარდა 20%-ით. მათი მთავარი ინტერესის სფერო იყო ფუფუნების საგნები და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები.

Christie's-ის ინფორმაციით, მოთხოვნა ნივთებზე, რომელთა ღირებულება 10 მილიონს აღემატება, სტაბილურია. 2018 წელს მსგავსი ფასით გაყიდული ნივთების რაოდენობამ 67 ლოტი შეადგინა, რაც ორი ერთეულით მეტია გასულ წელთან შედარებით. თავად სააუქციონო სახლი 2018 წლის თავის მთავარ მიღწევად „როკფელერების კოლექციის“ გაყიდვას ასახელებს, რომელიც როგორც აღმოჩნდა, იყო „ყველაზე ძვირად ღირებული კრებული აუქციონის ისტორიაში“.

Christie’s ყოველწიურად 350-ზე მეტ აუქციონს მართავს 80 კატეგორიაში. მისი წარმომადგენლობა მოქმედებს მსოფლიოს 46 ქვეყანაში და 10 სავაჭრო მოედანზე ლონდონში, ნიუ-იორკში, პარიზში, ჟენევაში, მილანში, ამსტერდამში, დუბაიში, ციურიხში, ჰონკონგსა და შანხაიში.

კოკა კვირკველია