„რეზონანსი" - თბილისი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა

დედაქალაქი ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა.

ამის თაობაზე, სპეციალისტებისა და საზოგადოების წარმომადგენლების შემდეგ, თბილისის მერიც ალაპარაკდა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, გამოსავლის გზად ძველი, გამხმარი ხე-მცენარეების გაჩეხვა და იმავე ადგილებში მწვანე საფარის განახლება მიიჩნევა.

ევროპის საბჭოს 31 ქვეყანაში გამწვანების მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე 35,5 კვ/მ-ია. მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები ქალაქებში რეკრეაციული ზონების რაოდენობის მაქსიმალურ გაზრდაზე არიან ორიენტირებულნი. ამ ქვეყნებში გამწვანების კოეფიციენტი 27-120 კვ/მ შორის მერყეობს. თბილისის მაჩვენებელი, რომელიც დაახლოებით 4-5 კვ/მ-ია, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციას ვერ აკმაყოფილებს და ევროპული ქალაქების საშუალო მაჩვენებელსაც მკვეთრად ჩამორჩება.

დედაქალაქს წლების წინ ირგვლივ არსებული ტყის მასივები შემოუერთეს, თუმცა, ქაოსური განაშენიანების გამო, ისინი ეკოლოგიურ მდგომარეობას თბილისში ვერ გამოასწორებენ. გასულ საუკუნეში, ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მწვანე დედაქალაქად მიჩნეული თბილისის გენგეგმაც კი 7-ჯერ ჩამოუვარდება ევროპული სტადარტის გამწვანების კოეფიციენტს.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში დაავადებული ფიჭვების მოჭრა და მათი ახალი ხე-მცენარეებით ჩანაცვლება აუცილებელია იმისათვის, რომ ქალაქი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე არ დადგეს.

„დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად ძალიან ბევრს ვმუშაობთ, სხვადასხვა პროექტს ვახორციელებთ. მინდა მოსახლეობას ინფორმაცია მივაწოდო დაავადებულ ფიჭვებთან დაკავშირებით. შარშან ჩვენ ჩამოყვანილი გვყავდა საერთაშორისო ექსპერტები, რომლებმაც კვლევები ჩაატარეს და არსებული მდგომარეობა შეისწავლეს. შედეგმა აჩვენა, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს ქალაქში და თუ დღეს კონკრეტული ნაბიჯები არ გადავდგით, შეიძლება, ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდეთ. შესაბამისად, „ეკოსერვის ჯგუფი" უკვე სანიტარიულ ჭრას ახორციელებს.

დედაქალაქის მასშტაბით, ჯამში, ათასობით დაავადებული ფიჭვი მოიჭრება და მათი ახალი ხე-მცენარეებით ჩანაცვლება მოხდება. ყველაზე ცუდი ის არის, რომ დაავადება გადამდებია და თუ დღესვე არ დავიწყეთ ზრუნვა, სერიოზული პრობლემის წინაშე შეიძლება დავდგეთ. ამიტომ, მაქსიმალური კომუნიკაციაა საჭირო კერძო სექტორთან, რომ მათი ჩართვითა და თანადგომით განვახორციელოთ ის პროექტი, რომელიც დაწყებული გვაქვს", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

საქართველოს აგრარული და ტექნიკური უნივერსიტეტების სატყეო ფაკულტეტის პროფესორი თეიმურაზ კანდელაკი ამბობს, რომ დედაქალაქში ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაა ეკოლოგიური კუთხით, ვიდრე ეს კოეფიციენტებით ჩანს. მისი თქმით, 10 000 ჰექტარი ტყის მასივი თბილისს იმისათვის შემოუერთეს, რათა ფურცელზე მაინც ყოფილიყო უკეთესი მდგომარეობა.

„გარდა იმისა, რომ დედაქალაქში არსებული ფიჭვები გამხმარია და ვეღარ ასრულებს საკუთარ ფუნქციას, ხანძრის შემთხვევაში ბომბის ტოლფასია ეს ადვილად აალებადი ხეები, რომლებიც მოსახლეობის მახლობლადაა გაშენებული. ისინი, რა თქმა უნდა, მოსაშორებელია. კატასტროფული მდგომარეობაა ნამდვილად, რომელიც აქამდე სხვადასხვა მთვარობამ მიიყვანა და მათ მიერ გაცემულმა სამშენებლო ნებართვებმა ჩახუთა ქალაქი.

ხმელი ხეები არის საშიში და ამაზე მუდმივად ვსაუბრობ უკვე წლებია. საერთოდ არ არის აუცილებელი, იმ ადგილებში „გაპრანჭული მცენარეებით" ჩანაცვლება ან იტალიიდან ჩამოტანა ნერგების, რაც საერთოდ არ მესმის, რისთვის იყო საჭირო. დაიხარჯა ძალიან დიდი თანხა და მერწმუნეთ, აბსოლუტურად უაზროდ. ამ ხეებმა ვერ შეასრულა საკუთარი ფუნქცია, რადგან ვერ მოერგო აქაურ ბუნებრივ მდგომარეობას და თანაც, იმ ფასად ასობით ნარგავის გაშენება შეიძლებოდა ქართული სანერგეებიდან.

10 000 ჰექტრამდე ტყის მასივი შემოუერთდა თბილისს შემოგარენიდან, ფურცელზე. ამან ნამდვილად შეცვალა მდგომარეობა და მეტად გამწვანებულ ქალაქად „გვაქცია". ზუსტად ამისათვის მოხდა პრინციპში საზღვრების გაფართოება, მაგრამ რეალურად ეს ვერ ეხმარება დედაქალაქს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში", - აცხადებს „რეზონანსთან" კანდელაკი.

დედაქალაქში რომ ეკოლოგიური მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ადასტურებს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, სტუ-ის პროფესორი გია გაგოშიძე.

„ჯერ კიდევ 1970-იანი წლებიდან მთელ მსოფლიო დიდი შეშფოთებით აღიქვამდა კლიმატის ცვლილების პირველ ეტაპებს. დღეს ეს უკვე რეალური საშიშროებაა. ეკოლოგიური პრობლემა კომპლექსურია, ბოტანიკური ბაღის მიდამოების გარდა, ქალაქში ნარგავები ხელოვნურადაა გაშენებული და ძალიან ბევრ მათგანს ამორტიზაციის პერიოდი დაუდგა, მიაღწია ბიოლოგიურ ხნოვანება, რომლის შემდეგაც უკვე იწყებს სიბერეში შესვლას. გარდა ამისა, გარკვეული მოვლა, რომელსაც ზრდასრული ხეებიც საჭიროებენ, არ ხდება, რატომღაც ჩავთვალეთ, რომ ის თავად მიხედავს საკუთარ თავს და აღარ სჭირდება მოვლა.

ჯერ კიდევ 80-იან წლებში მე თავად მაქვს ნანახი, როგორ რწყავდნენ უზარმაზარ კედრებს აწ გარდაცვლილი პროფესორები კარლო ტუღუში და მირიან გვრიტიშვილი და ყველას უკვირდა, რაში სჭირდებოდა ამხელა ხეებს მორწყვა. სინამდვილეში, სწორედ ამის ხარჯზე ეს კედრები ახლაც არაჩვეულებრივად გამოიყურება. ასე რომ, მხოლოდ დარგვა არ არის მნიშვნელოვანი, მერე მოვლა ბოლომდე სჭირდება ყველა ხეს", - აცხადებს „რეზონანსთან" გაგოშიძე.

თამარ მუკბანიანი

გაზეთი „რეზონანსი"