ფინეთში გარანტირებული ძირითადი შემოსავლის ორწლიანი ექსპერიმენტი მარცხით დასრულდა. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იტყობინება.
ექსპერიმენტის ფარგლებში ფინეთის მთავრობამ დაახლოებით ორი წლის წინ 2000 უმუშევარ ადამიანს ყოველთვიური ძირითადი შემოსავალი დაუნიშნა უმუშევრობის სარგებლის ნაცვლად. ექსპერიმენტის მონაწილეები თვეში 560 ევროს იღებდნენ 2017 წლის 1-ლი იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიუხედავად იმისა, ამ პერიოდში ისინი შეძლებდნენ სამსახურის შოვნას თუ არა.
ორწლიანი ექსპერიმენტის მიზანს უმუშევრობის დონის შემცირება და მოსახლეობის წახალისება წარმოადგენდა, მოეძებნათ სამსახური. ექსპერიმენტის პირველადი შედეგები მთავრობამ უკვე გამოაქვეყნდა.
„ძირითადი შემოსავლის ექსპერიმენტმა არ გაზარდა იმ მონაწილეების დასაქმების დონე, რომლებმაც პირველი წლის განმავლობაში ისარგებლეს მთავრობისგან ანაზღაურების მიღებით“, - წერია ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების სამინისტროს განცხადებაში.
თუმცა, სამთავრობო უწყებაში აღნიშნავენ, რომ ეს მხოლოდ პირველადი შეჯამებაა და საერთო შედეგი მას შემდეგ იქნება ცნობილი, რაც ექსპერიმენტის 2-წლიან პერიოდს გააანალიზებენ.