კახეთის გზატკეცილის სარეაბილიტაციო სამუშაოები 43 მლნ ლარი დაჯდება

კახეთის გზატკეცილის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით დედაქალაქის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 28 თებერვალს დაიწყება და 5 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 43 158 658 ლარია.

ამასთან, სატენდერო პირობების მიხედვით, სამუშაოს შესრულების საგარანტიო ვადა - სამუშაოების დასრულებიდან 3 წელია.

„მიმწოდებელი ვალდებულია: სამუშაოები დაიწყოს წერილობითი დავალებით განსაზღვრული სამუშაოების დაწყების ვადაში. მიმწოდებელი ვალდებულია ობიექტზე სამუშაოები აწარმოოს 24 საათიან რეჟიმში; სამშენებლო ობიექტზე საკუთარი ძალებით და სახსრებით უზრუნველყოს ინჟინერ-გეოდეზისტი, რომელიც აწარმოებს შესაბამის ზედამხედველობას; წერილობითი დავალების შესრულების დაწყებამდე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან შეათანხმოს სატრანსპორტო უსაფრთხოების სქემა; სამშენებლო ობიექტზე მოახდინოს ამოჭრილი საკონტროლო კერნების სიცარიელეების შევსება ცივი ან ცხელი ა/ბეტონის ნარევით; მიმწოდებელმა სამშენებლო ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას უნდა განათავსოს მინიმუმ 2 ცალი საინფორმაციო დაფა შემსყიდველის მიერ გადაცემული ესკიზის შესაბამისად; სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი ნარჩენები (ინერტული) განათავსოს მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ადგილზე, თბილისის ტერიტორიაზე განთავსების შემთხვევაში - გლდანის რაიონი, თბილისის შემოვლითი საავტომობილო გზის მე-15 კმ,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

თაია არდოტელი