ფინანსთა მინისტრი: გერმანიას აშშ-სთან სატარიფო კონფრონტაცია არ სურს

გერმანიის ფინანსთა მინისტრი ოლაფ შოლცი ამბობს, რომ გერმანიას შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ომში ჩართვა არ სურს. ის თვლის, რომ ტარიფების საპასუხო გაზრდა არაა გამოსავალი და ეს მხოლოდ ხელს შეუწყობს ურთიერთობის გამწვავებას.

„ჩემი აზრით, ტარიფების ზრდა არაა კარგი იდეა. იმედი მაქვს, რომ მსგავს რამეებს თავს ავარიდებთ და ჩვენს შორის ურთიერთობა კონფრონტაციული არ გახდება“, - ბლუმბერგთან საუბრისას განაცხადა შოლცმა.

მისი ეს განცხადება არის პასუხი გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები მალე ევროპაში წარმოებულ ავტომობილებზე იმპორტის ტარიფს გაზრდის.

„საუკეთესო რამ, რაც ზრდას და გამდიდრებას შეუწყობს ხელს, წესების შესაბამისად, თავისუფალი ვაჭრობაა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ არაერთ გლობალურ სავაჭრო შეთანხმებას მივაღწევთ“, - დასძენს შოლცი.