სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ პაშინიანის აზრით, მისი მთავრობის მიერ წარმოდგენილი პროგრამით კეთდება განაცხადი ეკონომიკური რევოლუციის დასაწყისზე. როგორც „არმენპრესი“ წერს, ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა.
„პროგრამა ორი დღის წინ გამოქვეყნდა და გამოქვეყნების შემდეგ წამოვიდა გარკვეული გამოძახილები და შედგა განხილვები. წარმოდგენილი პროგრამა მთლიანად ესადაგება ჩვენს კონცეპტუალურ ხედვებს, რომელიც წარმოადგენს ეკონომიკურ რევოლუციას და ამ პროგრამით ჩვენ დავიწყებთ ქვეყნის ეკონომიკურ რევოლუციას, ისე რომ, მინისტრთა კაბინეტის ფუნქცია დარჩება იგივე, როგორიც იყო - სომხეთის ხავერდოვანი რევოლუციის პოლიტიკური პლატფორმის რეალიზაცია ნიშნავს შესაძლებლობების შექმნას. ხელისუფლება საკუთარ თავს ამ პროცესის მონაწილედ თვლის და მისი ნაბიჯებით მზად არის მოქალაქეები წააქეზოს, გამოიყენონ შექმნილი შესაძლებლობები“, - განაცხადა პაშინიანმა.
სომხეთის ხელისუფლებამ გაავრცელა პროექტის ტექსტი, რომელიც პარლამენტმა უნდა განიხილოს. ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ფორმირება 19 იანვარს დასრულდა. კონსტიტუციის მიხედვით კი პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ფორმირების შემდეგ 20 დღეში უნდა წარადგინოს ეროვნულ ასამბლეაში საკუთარი პროგრამა.
წინასწარი ინფორმაციით, პროგრამა ორიენტირებულია ექსპორტზე და კონკურენტუნარიანი მაღალტექნოლოგიური პროდუქციის შექმნაზე, მრეწველობის განვითარებასა და ეკოლოგიურ სტანდარტებზე. პროგრამაში ხაზგასმით წერია, რომ ხელისუფლება სომხეთ-რუსეთის სამხედრო თანამშრომლობას განიხილავს როგორც მნიშვნელოვან ელემენტს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და მხარს უჭერს ЕАЭС და ОДКБ აქტიურ მუშაობას.