Top-10 ქალაქი ინვესტორის მოსაძებნად -  Forbes-ის რეიტინგი

თუ თქვენ ხართ სტარტაპის დამფუძნებელი, მაშინ აუცილებლად დაგჭირდებათ ინვესტორი, რომელიც თქვენს წამოწყებაში ფულს ჩადებს და ბიზნესის განვითარებაში დაგეხმარება.

სტარტაპების ეკოსისტემა მუდმივად ცვალებადია. ახლა მსოფლიოში რამდენიმე ცენტრია, სადაც სხვადასხვა ტიპის სტარტაპი დიდ წარმატებას აღწევს და ამაში საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ინვესტორები.

Forbes-მა ის 10 ქალაქი დაასახელა, სადაც თქვენი სტარტაპისთვის ინვესტორის მოძიება არ გაგიჭირდებათ.

წარმოგიდგენთ Top-10 ქალაქს:

  • ნიუ-იორკი - თუ თქვენი სტარტაპი დაკავშირებულია მოდის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების სფეროსთან, მაშინ უმჯობესია ინვესტორი სწორედ ამერიკის ამ მეგაპოლისში ეძებოთ.
  • სან-ფრანცისკო - ეს ქალაქი ამერიკის დასავლეთ ნაწილის ფინანსურ ცენტრადაა აღიარებული, აქ თავმოყრილია არაერთი ფინანსური, ტექნოლოგიური და ბიოტექნოლოგიური ცენტრი.
  • ლონდონი - ლონდონის ცენტრი „სიტი“ ცნობილია ფინანსური კომპანიებით, ამიტომ უმჯობესია აქ მოიძიოთ ინვესტორები ფინანსებისა და ფინანსური მომსახურების სფეროსთვის.
  • სანტიაგო - ეს არის მსხვილი სამრეწველო ქალაქი სამხრეთ ამერიკაში. ჩილეს დედაქალაქში თავს იყრის ტექსტილის და ფეხსაცმლის მრეწველობა. აქვეა ქიმიური, ფარმაცევტული, ქაღალდის, მეტალურგიული, ელექტროტექნიკის და მანქანაწარმოების ქარხნები.
  • ლოს-ანჯელესი - ქალაქი კალიფორნიაში, სადაც უმაღლეს დონეზეა განვითარებული კულტურის სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ეკონომიკური მიმართულებები. ის კინოს, მუსიკის, თეატრის, ლიტერატურისა და ტელევიზიის მსოფლიოს უმსხვილესი ინდუსტრიის ადგილია. აქტიურად ვითარდება ბიოტექნოლოგიები და კვების მრეწველობა.
  • ატლანტა - ეს არის ქალაქი შტატ ჯორჯიაში, რომელმაც ბოლო წლებში საერთაშორისო საქმიანი ცენტრის სტატუსი მოიპოვა, რამაც მის განვითარებას მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა. ამ ქალაქში ბევრი ცნობილი კომპანიის სათავო ოფისია, მათ შორის Coca-Cola, UPS, Home Depot, Delta Air Lines, AT&T Mobility, და სხვები. აქვეა განთავსებული სამაუწყებლო კომპანიების CNN, TBS და COX სათავო ოფისები.
  • ოსტინი - ტექსასის შტატის დედაქალაქია, რომელიც ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე მაღალტექნოლოგიურ ქალაქად ითვლება. სწორედ აქ მდებარეობს ტექსასის უნივერსიტეტი, რომლის კურსდამთავრებულები ყოველწლიურად ავსებენ მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებს. ქალაქი ასევე ვითარდება როგორც ფარმაცევტული, ასევე ბიოტექნოლოგიური მიმართულებით.
  • მაიამი - ფლორიდის შტატში მდებარე ამ ქალაქში ბოლო წლებში ძალიან ბევრმა ბანკმა გახსნა ოფისი.
  • პეკინი - ჩინეთის დედაქალაქი ბოლო წლებში სამომხმარებლო და ინოვაციური საწარმოების ცენტრად ყალიბდება.
  • დელი - ინდოეთის დედაქალაქი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი და ეკონომიკურად ყველაზე განვითარებული ქალაქია ინდოეთში. ქალაქი ეკონომიკის მთავარი დარგია ინფორმაციული ტექნოლოგიები, ტელეკომუნიკაცია, ფინანსები, ტურიზმი და მასმედია.
კოკა კვირკველია