„უჯაფომ“ პროდუქციის ნაწილის წარმოება  შეაჩერა - „აღმოჩნდა, რომ ვაკუუმის შეფუთვა მომხმარებელში ნდობას ნაკლებად იმსახურებს“

კომპანია „უჯაფომ“ პროდუქციის ნაწილის წარმოება დროებით შეაჩერა, თუმცა ამის პარალელურად, ახალი პროდუქტის, სტაფილოს ჩხირების წარმოება დაიწყო. როგორც კომპანიიის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ტორონჯაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, აღმოჩნდა, რომ ვაკუუმის შეფუთვა მომხმარებელში ნდობას ნაკლებად იმსახურებს, ამიტომ „უჯაფო“ რებრენდიგის რეჟიმშია და სავარუდოდ, თვენახევარში ყველა პროდუქტი ბაზარზე განახლებული შეფუთვით გამოჩნდება.

კომპანია „უჯაფო“ ბაზარზე დაჭრილი, შეფუთული კარტოფილით გამოჩნდა. მოგვიანებით, წარმოებას გარჩეული ბროწეული, დაჭრილი, შეფუთული ხახვი, ჭარხალი, სტაფილო და ორი სახეობის ბულგარული წიწაკაც დაემატა. მიუხედავად იმისა, რომ ინოვაციურ ვაკუუმის შეფუთვამ, რომელიც პროდუქციის ცოცხლად შენახვას უზრუნველყოფდა, მომხმარებლის დიდი ინტერესი გამოიწვია, გიორგი ტორონჯაძე ამბობს, რომ გაყიდვების რაოდენობამ მოლოდინი არ გაამართლა. სწორედ ამიტომ, „უჯაფომ“ რებრენდინგის მიზნით პროდუქციის გამოშვება დროებით შეაჩერა და ამჟამად მხოლოდ სტაფილოს ჩხირებსა და ბროწეულს აწარმოებს.

კომპნაიის თანადამფუძნებლის თქმით, სამაგიეროდ, მოლოდინს გადააჭარბა სტაფილოს ჩხირებზე მოთხოვნამ, რომლის წარმოების იდეაც ფიტნეს კლუბებიდან წამოვიდა.

„სტაფილოს ჩხირები იმდენად მოთხოვნადია, არც კი ველოდით ასეთ შედეგს. ჩვენ ძირითადად ფიტნეს კლუბებთან ვთანამშრომლობთ და სწორედ ერთ-ერთი მათგანის ხელმძღვანელმა, რომელიც ჩვენი მეგობარია, გვირჩია, რომ სტაფილოს ჩხირების წარმოება გვეცადა. იქიდან გამომდინარე, რომ სტაფილო ჯანსაღია, ფრეშია მისი წარმოება საცდელად დავიწყეთ და იმდენად მზარდია გაყიდვები, რომ ახლა უკვე ყველა ქსელში, სადაც წამოდგენილი ვართ, ეს პროდუქცია შეტანილი გვაქვს“,-აცხადებს გიორგი ტორონჯაძე.

რაც შეეხება სხვა პროდუქტების წარმოებას, როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი აცხადებს, ყველა მათგანი სულ მალე ბაზარს განსხვავებული შეფუთვით დაუბრუნდება.

ამასთან, კომპანია ხილის დამატებასაც გეგმავს. პირველ ეტაპზე კი ბაზარზე შეფუთული მანგო და ანანასი გამოჩნდება.

„ახლა გადავდივართ ხილის დაფასოებაზე და ალბათ, უახლოეს მომავალში ჩვენს პროდუქციას ანანასი და მანგო დაემატება, რომელიც იქნება ისეთივე ფრეშის ჭიქებში, როგორშიც გარჩეული ბროწეულია.

რაც შეეხება იმ პროდუქციას, რომლის წარმოებაც დროებით შევაჩერეთ, დაახლოებით, თვე ნახევარში შევცვლით შეფუთვას, ანუ ვაკუუმ პაკეტებში აღარ იქნება და სავაჭრო ქსელებში ისევ გამოჩნდება. წარმოების დროებით შეჩერების მიზეზი გახდა ის, რომ გაყიდვები იმდენი არ იყო, რაც მოლოდინი გვქონდა. აღმოჩნდა, რომ ვაკუუმის შეფუთვა მომხმარებელში ნდობას ნაკლებად იმსახურებს. ამიტომ, რებრენდინგი გადავწყვიტეთ და ჩვენი პროდუქციის შეფუთვა სხვანაირი ტექნოლოგიით მოხდება. ახალი შეუთვა დაახლოებით ისეთი იქნება, როგორიც აქვს სოსისებს, ზემოდან გადაკრული პოლიეთილენით“,-აცხადებს გიორგი ტორონჯაძე.

რაც შეეხება საწარმოს გაფაროვებას, როგორც „უჯაფოს“ თანადამფუძნებელი ამბობს, კომპანიამ მუშა ხელი 5-დან 8 ადამიანამდე გაზარდა. ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების ანალიზის შემდეგ კი, თავად საწარმოს გაფართოვების საკითხიც გადაწყდება.

„ვფიქრობთ საწარმოს გაფართოვებაზე, სავარაუდოდ, ისევ იჯარით ავიღებთ, თუმცა ჯერ წარმოებას და ბაზარზე მოთხოვნას დავაკვირდებით“,-აცხადებს გიორგი ტორონჯაძე.

ცნობისთვის, ქართულ ბაზარზე „უჯაფო“ დაახლოებით, წელიწად ნახევრის წინ გამოჩნდა და პროექტის განსახორციელებლად 30-40 ათასი ლარის ინვესტიცია დაიხარჯა.

ნინი ქეთელაური