პლატფორმა „ჰარი“ პირველი ქართული აპლიკაციაა, რომელიც კონკრეტული მიმართულებით მიმავალ მგზავრებსა და მძღოლებს ერთმანეთთან დაკავშირებაში ეხმარება.
აპლიკაცია ბაზარზე ერთი თვეა რაც გაეშვა და უკვე 1500-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
როგორც სტარტაპის დამფუძენებელმა ნიკა ბაზაძემ „ბიზნესპრენიუსთან“ საუბრისას განაცხადა, იდეა მაშინ გაუჩნდა, როდესაც სტუდენტი გახდა და მშობლიურ ქალაქში ჩასვლა ხშირად უწევდა.
„იდეა ჩემი ცხოვრებისეული პრობლემებიდან გამომდინარე გაჩნდა. როდესაც სტუდენტი გავხდი, თბილისიდან ქუთაისში ჩასვლა ხშირად მიწევდა, რაც ჩემთვის არაკომფორტული იყო. ჩემი მეგობრებიც მსგავსი პრობლემების წინაშე იდგნენ, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მეტად მოსახერხებელი პლატფორმა გაგვეკეთებინა.
„ჰარი“ არის დამგზავრების აპლიკაცია, რომელიც საქართველოს მასშტაბით ქალაქებს შორის მიმავალ მძღოლებსა და მგზავრებს აკავშირებს. ეს არაა გათვლილი იმ მძღოლებისთვის, ვინც კომერციული მიზნით არიან დაინტერესებულები.
„ჰარი“ გათვლილია ჩვეულებრივი მძღოლისთვის, რომელსაც ერთი ქალაქიდან მეორეში წასვლა ისედაც უწევს და თუკი თავისუფალი ადგილები აქვს, სხვასაც დაიმგზავრებს. ამით ის შეამცირებს საწვავის ხარჯებს და მარტოც არ იმგზავრებს. შესაბამისად, მგზავრიც უფრო კომფორტულად იქნება“, - განაცხადა ბაზაძემ.
თავდაპირველად იდეაზე მუშაობა თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა ენთუზიაზმით დაიწყეს, თუმცა შემდეგ პროგრამისტები შეუერთდნენ. ამ ეტაპზე გუნდში 7 ადამიანია.
აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც andoid-ის, ასევე ios-ის სისტემაზე.