თბილისში სისხლში ტყვიის შემცველობის საკვლევი პროგრამის დაწყებას ითხოვენ. ამის შესახებ მოქალაქეები დედაქალაქის მერს პროგრამის „იდეა მერს“ ფარგლებში მიმართავენ.
კერძოდ, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იდეის ავტორი თბილისში მცხოვრებ ორსულთა პატრონაჟის პროგრამაში ჩართული პირველ და მეორე ტრიმესტრში მყოფი ორსულების და 6 წლამდე ასაკის ბავშვების სისხლში ტყვიის და სხვა მძიმე მეტალების განსაზღვრის მუნიციპალური პროგრამის დაწყებას ითხოვს.
აღნიშნულ პეტიციას უერთდება და ამ საკითხის ადვოკატირებას გეგმავს „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილიც, რომელიც „ფეისბუქის“ პირად გვერდზე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია, რომ ლაბორატორიული კვლევის შედეგად, რამდენიმე ტიპის სათამაშოში ტყვიის მაღალი შემცველობა გამოვლინდა.
„სათამაშოებში ყველაზე მეტია ტყვია ამ ეტაპზე გამოვლენილი სინჯებიდან, შემოწმება გრძელდება. დავიწყოთ ამ საკითხის ადვოკატირება, შემოუერთდით პეტიციას,“- წერს ლალიაშვილი.