პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი მონიტორინგის ცენტრის "მედიატორის" მიერ გასულ წელს გამოქვეყნებული მილიონერი პარლამენტარების სიაში ერთ-ერთია.
ცენტრის ცნობით, მისი უძრავი ქონების ჯამური ღირებულება 2 074 207 ლარია.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს დეპუტატი და როგორ შეიცვალა მისი მდგომარეობა ერთ წელიწადში.
2019 წლის 31 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ნინო წილოსანის უძრავი ქონება გასულ წელს არ შეცვლილა და დეპუტატი კვლავ ფლობს: თბილისში მდებარე 82,9 კვ. მეტრი არასაცხოვრებელი ფართის 27,63%-იან წილსა და 60,91 კვ. მეტრის არასაცხოვრებელი ფართის 33%-იან წილს. მის საკუთრებაშია ასევე: დედაქალაქში მდებარე 124,7 კვ. მეტრისა და 224,7 კვ. მეტრი ფართობის ორ ბინა; 15,07 კვ. მეტრის ავტოფარეხი თბილისში და 440 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი ურეკში.
როგორც დეკლარაციაში აქვს მითითებული წილოსანმა 2018 წელს Toyota-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი 50 000 ლარად შეიძინა. რაც შეეხება დეპუტატის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე - 1 113 ლარი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი, 9 000 ლარი ჰქონდა. ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, წილოსანმა წინა წელს მშობლისგან საჩუქრად 50 ათასი ლარი მიიღო.
პარლამენტის წევრი შპს „მკურნალი 2002“-ის 52%-იან წილს ფლობს, რომლის საქმიანობითაც 39 000 ლარის შემოსავალი მიიღო. ასევე ფლობს შპს „ენ-დუო-კონცეპტ“-ის 23%-იანი და შპს „რეტრო 77“-ის 25%-იანი წილებს, თუმცა, მათი საქმიანობით შემოსავალი არ მიუღია. აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიებში წილის მართვის უფლება ნინო წილოსანს სხვა პირისთვის აქვს გადაცემული. რაც შეეხება პარლამენტის წევრობისას მიღებულ შემოსავალს - 2018 წელს ამ თანხამ 56 835 ლარი შეადგინა.
ნინო წილოსანი მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი მეუღლე ფლობს: 3 ბინას - თბილისში, მცხეთასა და წყნეთში, ასევე მიწის ნაკვეთს წყნეთში და ორ ფართს დედაქალაქში. მის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილი „ბმვ X5“-ც. ის არის რუსთავის მეტალურგიული კომბინატის აქციების მფლობელი. ფლობს: შპს „ბინ თრეიდინგ“-ის 52%-იანი წილს; შპს „ვაგონტესტის“ 10%-იან წილსა და შპს „შულავერის არამადნეული მასალების ქარხანა 10“-ს 60%-იან წილს. ამასთან, არის შპს „ნათ ექსპორტის“ დირექტორი. რაც შეეხება შემოსავლებს, დეპუტატის მეუღლის შემოსავალმა ვაგონმშენებელი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისას - 23 000 ლარი; ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხხნის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისას - 8 125 ლარი; რუსთავის მეტალურგიული კომბინატის ფინანსური დირექტორის პოზიციაზე კი - 28 597 ლარი შეადგინა.