ქუთაისის აუზის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისის აუზის პროექტირებაზე ტენდერი გამოაცხადა.

როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან იუწყებიან, პროექტით გათვალისწინებულია ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზის მშენებლობა.

მათივე ინფორმაციით, აუზის სიგრძე 50 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრი იქნება.

პროექტი უნდა ითვალისწინებდეს გასახდელების და საშხაპეების მოწყობას აუზის მომხმარებლების, მსაჯებისა და მწვრთნელებისთვის. ასევე, უნდა მოეწყოს სპორტსმენთა ფიზიკური მდგომარეობის აღდგენისა და ტრავმების სარეაბილიტაციო დანიშნულების სივრცეები.

რეგიონული განვთარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019 წელს ქუთაისში ისტორიული უბნისა (მდინარე რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია) და დავით კაკაბაძის გალერეის რეაბილიტაციასაც იწყებს.