სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის 2016-2017 წლებში სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული და განსაკარგავად გადაცემული ქონების განკარგვისა და სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, სააგენტოს ნაშთად ერიცხება 8,722 სხვადასხვა დასახელების ძვირფასი ლითონი, ძვირფასი ქვა და მათი ნაწარმი, საიდანაც 2,518-ის ანუ 29%-ის დასახელება ღირებულების გარეშე, მხოლოდ რაოდენობრივი მახასიათებლებით არის აღრიცხული და რომელთა განკარგვის უზრუნველსაყოფად ქმედითი ღონისძიებები არ გატარებულა.
ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საანგარიშო პერიოდში სააგენტოს ძვირფასი ლითონის, ძვირფასი ქვების და მათი ნაწარმის რეალიზაციის პერიოდულობისა და რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე კრიტერიუმები არ გააჩნდა. ეს კი აუდიტის სამსახურის შეფასებით, გადაცემული ქონების განკარგვის არასათანადო კონტროლის მექანიზმებზე მიუთითებს, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგები გამოიწვიოს.
„სააგენტოს მფლობელობაში არსებული დიდი ოდენობის ძვირფასეულობა (ძვირფასი ლითონები, ძვირფასი ქვები და მათი ნაწარმი) სააგენტოს საცავში ინახება. იქიდან გამომდინარე, რომ სააგენტოს ქმედებითი ღონისძიება არ განუხორციელებია, ვერ დავრწმუნდით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არსებული საცავი ხომ არ უნდა იყოს შეტანილი განსაკუთრებით დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე ობიექტების ნუსხაში, რომელზეც გავრცელდებოდა კანონმდებლობით დადგენილი სხვადასხვა მოთხოვნა,“-აღნიშნულია ანგარიშში.