„ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონით გაყიდვის ფასი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა შეფასებული ღირებულებისგან“.
ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.
საუბარია, აუდიტის სამსახურის მიერ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის 2016-2017 წლებში სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული და განსაკარგავად გადაცემული ქონების განკარგვისა და სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშზე.
„ზოგიერთ შემთხვევაში, აუქციონით განკარგული ქონების გაყიდვის ფასი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა შეფასებული ღირებულებისგან. გარდა ამისა, ძვირფასი ლითონის, ძვირფასი ქვებისა და მათი ნაწარმის აუქციონზე გატანა ხორციელდებოდა შეფასებიდან ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგ, შეფასების პირვანდელი ღირებულებით. აღნიშნული, კონკურენციის არარსებობის შემთხვევაში წარმოშობს ქონების საბაზრო ღირებულებაზე დაბალი ფასით განკარგვის რისკს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნებთან შეუსაბამოდ, 23 შემთხვევაში აუქციონზე ქონების გაყიდვისას არ განხორციელებულა მათი უფლებრივი (გირავნობა, ყადაღა) და ნივთობრივი (ქონება არ აღმოჩნდა განთავსების ადგილზე/მდგომარეობა არ დაემთხვა აუქციონის აღწერილობას) მდგომარეობის სრულყოფილი შემოწმება. შედეგად, აუქციონებით გაყიდული ნივთების რეალური მდგომარეობა არ ემთხვეოდა აუქციონის აღწერილობას, ხორციელდებოდა მყიდველებისთვის გადახდილი თანხების უკან დაბრუნება, რაც ნეგატიურად მოქმედებს აუქციონის სანდოობის ხარისხზე და შესაძლოა გამოიწვიოს აუქციონებში პოტენციური მყიდველების დაინტერესების კლება,“-ნათქვამია ანგარიშში.