საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, საპენსიო ფონდის საინვესტციო საბჭოს დაკომპლექტება საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია.
ამის შესახებ აკაკი ზოიძემ bm.ge-ის იმ საკითხის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, გამომდინარე იქიდან, რომ საინვესტიციო საბჭო დაკომპლექტებული არაა, საპენსიო ფონდში აკუმულირებული დანაზოგების ინვესტირება ვერ ხდება, რადგან საპენსიო სააგენტოს ამის უფლება არ აქვს.
შესაბამისად, ამ დროისთვის, ფონდში მობილიზებული 41 მლნ ლარი ბანკებში ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზეა განთავსებული და სარგებელი არ ერიცხება. დეპუტატის გათვლებით, საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტებას 4-5 თვე დასჭირდება, მაგრამ უშუალოდ დანაზოგების ინვესტირება, შესაძლოა, წლის ბოლომდე ვერ დაიწყოს.
„გვჭირდება მსოფლიო კლასის ფინანსისტები, საინვესტიციო საქმის სპეციალისტები და მე მინდა, წინასწარ დავაფიქსირო, რომ ამას დასჭირდება საკმაოდ გრძელვადიანი შერჩევის პროცესი; ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვუდგებით ამ თემას, რომ შევარჩიოთ ყველაზე კეთილსინდისიერი და პროფესიონალი ადამიანები ამ საქმისთვის. ჩვენი ამოცანაა, რომ სადღაც 4 თუ 5 თვის განმავლობაში გვყავდეს საინვესტიციო საბჭო, რომელიც სადღაც წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს შესაბამისი საინვესტიციო პოლიტიკის ჩამოყალიბებას, რადგან შემდეგ პარლამენტმა საბჭოს მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტიც უნდა დაამტკიცოს. ისედაც წინასწარ იყო გათვლილი, რომ ეს წლის ბოლომდე უნდა მომხდარიყო და შემდეგ უკვე აკუმულირებული თანხების განთავსება მოხდება იმ საინვესტიცო გეგმის მიხედვით, რომელსაც პარლამენტი დაამტკიცებს“, - განაცხადა კაკი ზოიძემ.
მიუხედავად იმისა, რომ საინვესტიციო საბჭო ჯერჯერობით არაა დაკომპლექტებული და ფონდში მობილიზებულ დანაზოგებს სარგებელი ვერ ერიცხება, აკაკი ზოიძე ფიქრობს, რომ პროცესი დაგვიანებული არაა და „ანომალიასთან“ საქმე არ გვაქვს.
ამასთან, დეპუტატი არ გამოირიცხავს, რომ თუ საინვესტიციო საბჭოს დამტიცება და შემდეგ საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრა დროში ძალიან გაიწელა, კანონში ცვლილებები შევიდეს და საპენსიო სააგენტოს დანაზოგების ფასიან ქაღალდებში ინვესტირების ან ბანკებში განთავსების უფლება მიეცეს.
„ამაზე ვიმსჯელებთ; რა სარგებელზე შეიძლება იყოს საუბარი და რამდენად ღირს საერთოდ კანონის შეცვლა“, - აღნიშნა კაკი ზოიძემ.
ცნობისთვის: საპენსიო ფონდის საინვესტიციო საბჭოს 5 წევრის შესარჩევი საერთაშორისო კონკურსი გამოცხადებული არაა. ჯერჯერობით, არც საკონკურსო კომისიაა დაკომპლექტებული.
ავტორი: თელარა გელანტია
წყარო: bm.ge