სუპერ გიგანტი „ბოინგ 747“ უკვე 50 წელია, სამოქალაქო ავიაციას ემსახურება და მის ერთგვარ სიმბოლოდაც იქცა. მაგრამ ბოლო დროს, ასპარეზი თანამედროვე ორძრავიან ლაინერებს დაუთმო, რომლებიც შორს ფრენით და ეკონომიურობით სჯობნიან მას და არც სამგზავრო ადგილების რიცხვით ჩამორჩებიან.
ახლახანს ბაზარზე გაცილებით დიდი ზომის სუპერ გიგანტი „ეარბას A380“ გამოჩნდა, რომელიც 747-ს ბევრი პარამეტრით სჯობს. ამაზე ამერიკული კომპანიის პასუხი, კუზიანი „ცის დედოფლის“ თანამედროვე მოდიფიკაციებია. ძველი მოდელები კი კვალიფიკაციას იცვლიან და მათ სულ უფრო ხშირად იყენებენ სატვირთო გადაზიდვებზე მომუშავე კომპანიები, რომლებიც ონლაინ შოპინგის გიგანტებს ემსახურებიან.
გიგანტის ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური მომხმარებელია გზავნილების მიმწოდებელი მსოფლიოში უდიდესი კომპანია „იუნტედ პერსელ სერვისი“ (UPS), რომლის წარმომადგენელი ჯიმ მაიერი ამბობს, რომ 747 მისი კომპანიისთვის „ეფექტური მანქანაა“.
UPS-მა შარშან ამერიკულ კომპანიას 14 ცალი სატვირთო 747-8 შეუკვეთა, ამ თვითმფრინავის სიცოცხლე კიდევ უფრო გაახანგრძლივა. ასე თუ გაგრძელდა, 747 თავის ახალ ევროპელ კონკურენტზე, „ეარბას A380-ზე“ დიდხანს დარჩება ბაზარზე. „ეარბასი“ არ მალავს, რომ A380-ის წარმოების იმაზე ადრე შეწყვეტას აპირებს, ვიდრე ადრე ჰქონდა დაგეგმილი.
„როიტერსის“ ინფორმაციით, „ეარბასის“ გეგმები მას შემდეგ შეიცვალა, რაც დუბაის კომპანია „ემირატსმა“ A380-ის შეკვეთები, უფრო პატარა A350-ით შეცვალა. საინტერესოა, რომ ამერიკული გიგანტისგან განსხვავებით, A380-ს არ აქვს სატვირთო ვერსია და სავარაუდოდ, არც ექნება.
არადა, ჯერ კიდევ 2016 წელს „ბოინგმა“ გამოაცხადა, რომ შეკვეთების უკიდურესად შემცირების ფასების ზეწოლის გამო, 747-ის წარმოების გაჩერებას გეგმავდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ დიდმა ამერიკულმა კომპანიებმა - „იუნაიტედ კონტინენტალმა“ და „დელტა ეარ ლაინზმა“ გამოაცხადეს, რომ აღარ აპირებენ 747-ის შეძენას.
747-ის წარმოების შენარჩუნებით, „ბოინგმა“ ასევე დაიცვა ორი მნიშვნელოვანი თვითმფრინვის - „787 დრიმლაინერის“ და გიგანტ 777-ის საწარმოო პროგრამები. საქმე ისაა, რომ 747-ის მოხსნის შემთხვევაში, სიეტლის უზარმაზარი ქარხნის ხარჯები სწორედ ამ ორ ლაინერს დაეწერებოდა, რაც მათს რენტაბელობას გააუარესებდა.
თუმცა არსებობს საშიშროებაც, რომელსაც 747-ის სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირება შეუძლია. ეს არის აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობათა გამწვავება, რასაც გლობალური ეკონომიკის დასუსტება შეუძლია, რაც სატვირთო გადაზიდვების მოთხოვნასაც შეამცირებს.
საჰაეროს ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ინფორმაციით, შარშან მსოფლიოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების მოცულობა 3.5 პროცენტით გაიზარდა. შედარებისთვის, წინა წელს ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა.
„ბოინგ 747-ის“ ისტორია 1969 წლის 9 თებერვალს დაიწყო, პირველი ფრენა განახორციელა. პირველი რეისი კი „პან ამერიკენ უორლდ ეარვეიზის“ სახელით, 1970 წლის იანვარში შეასრულა. შორი ფრენის და დიდი ტევადობის წყალობით, სუპერ გიგანტით ფრენა შედარებით ხელმისაწვდომი იყო და ამან მას პოპულარობა მოუტანა. რაც მთავარია, ბაზარზე რეალური კონკურენტი არ ჰყავდა.
747-ის სხვადასხვა მოდიფიკაციები ამჟამადაც შედის „ლუფტჰანზას“, „კორეან ეარის“, „ეარ ჩაინას“ და სხვა კომპანიების პარკებში. და რა თქმა უნდა, 747 უცვლელად ასრულებს შეერთებული შტატების პირველი ბორტის მოვალეობებს. 2017 წელს ქვეყნის მთავრობამ „ბოინგს“ ორი 747-8-ის საპრეზიდენტო თვითმფრინავად მოდიფიცირება შეუკვეთა. ორივე თვითმფრინავის მიწოდება 2024 წელს იგეგმება.