ტაილანდში  პერსონალის გარეშე პირველი მაღაზია გაიხსნა

ტაილანდის ქალაქ ფხუკეტში ქვეყნის უმსხვილესმა მობილურმა ოპერატორმა AIS-იმ მაღაზია პერსონალის გარეშე გახსნა. ამის შესახებ გაზეთი Bangkok Post-ი იტყობინება.

გამოცემის ცნობით, კომპანიამ 20 მილიონი ბატი (635,8 ათასი დოლარი) დახარჯა ამ მაღაზიის შექმნაზე. მასში არ არის რიგები, არ არის პერსონალი და არ არის საჭირო ნაღდი ფული. AIS-ის სპეციალისტების განცხადებით, ამ ინიციატივამ 30-40%-ით უნდა შეამციროს ყოველდღიური საექსპლუატაციო ხარჯები სხვა მაღაზიებთან შედარებით, სადაც პერსონალი მუშაობს. დღეისათვის ეს კომპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით 161 სავაჭრო ობიექტს ფლობს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ახალ მაღაზიაში მუშაობს „რობოტი ლიზა“, რომელიც იმართება ხელოვნური ინტელექტით და კლიენტებს აწვდის ზოგად ინფორმაციას წარმოდგენილ მომსახურებაზე. კლიენტებს სენსორების საშუალებით შეკვეთის გაკეთება და პროდუქციის შეძენა თავად შეუძლიათ.

კომპანიაში აცახდებენ, რომ ხელოვნური ინტელექტის მომსახურების დანერგვას ისინი სხვა მაღაზიებშიც გეგმავენ.

კოკა კვირკველია