მომხმარებლისთვის პროდუქციის შესახებ არარეალური და გადაჭარბებული ინფორმაციის მიწოდება აიკრძალება

1-ლი მარტიდან საქართველოში პროდუქციის ეტიკეტირების ახალი წესი ამოქმედდება.

საუბარია "ტექნიკურ რეგლამენტზე მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე". როგორც „კვირის პალიტრა“ წერს, რეგლამენტი პროდუქციის მწარმოებლებსა და მიმწოდებლებს ეტიკეტზე უფრო ვრცელი და რეალური ინფორმაციის განთავსებას ავალდებულებს.

მათ შორის, ახალი წესით მწარმოებელი მომხმარებელს პროდუქციის შესახებ არარეალურ და გადაჭარბებულ წარმოდგენას ვეღარ შეუქმნის.

„ზოგჯერ გაიგონებთ, რომ პურის ესა თუ ის სახეობა "ომეგა 3"-ის წყაროა და სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, სინამდვილეში კი ასე არ არის. ახალი წესით მწარმოებელი მომხმარებელს პროდუქციის შესახებ არარეალურ და გადაჭარბებულ წარმოდგენას ვეღარ შეუქმნის... ამასთან, სურსათში შემავალი ალერგენების შესახებ ინფორმაცია ეტიკეტზე სხვა ინგრედიენტების ჩამონათვალისგან უნდა გამოირჩეოდეს. მაგალითად, თუ მაქვს ალერგია ნუშსა ან სოიაზე, ეს ინფორმაცია ეტიკეტზე თვალში საცემი უნდა იყოს.

გარდა ამისა, ახალი წესი გულისხმობს, რომ მაგალითად, დახლზე ვეღარ განათავსებ ფორთოხლის წვენს, რომელიც შეიცავს ფორთოხლის კონცენტრატს და მას შეფუთვაზე ფორთოხალი ახატია. დღეს რომ დახლზე ტარხუნის ლიმონათია და ეტიკეტზეც ტარხუნა ახატია, თუ დამზადებულია ამ პროდუქციის ექსტრაქტზე, ეტიკეტზე ტარხუნას ვეღარ დაახატავ,“- წერს „კვირის პალიტრა“.

თაია არდოტელი