უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით ხმაური და კამათი არ წყდება.
მოსამართლეების კანდიდატთა თავდაპირველი სკანდალური სია უკვე დიდი ხანია "ქართულ ოცნებაში" განხეთქილების საგნად არის ქცეული.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელსაც ხელს უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი აწერს და რომელიც პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესის შეჩერებას გულისხმობს. როგორ განვითარდება მოვლენები უცნობია, თუმცა მანამდე გთავაზობთ სკანდალური სიის მოსამართლეების ქონებრივ მდგომარეობას.
მიხეილ ჩინჩალაძემ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2018 წლის 30 ივნისს შეავსო, მას ჰყავს მეუღლე და 3 შვილი. ჩინჩალაძე ფლობს ბაბუისგან ნაჩუქარ 145კვ.მ ფართობის ბინას თბილისში. დეკლარაციის შევსების მომენტში ჩინჩალაძეს "თიბისი" ბანკის სახელფასოზე ერიცხებოდა 5823 ლარი. საანგარიშო პერიოდში დანაზოგის სახით მას ჰქონდა 9 000 ლარი ნაღდი ფული. რაც შეეხება შესრულებული სამუშაოდან მიღებულ ანაზღაურებას, 2017 წლის 1-ლი იანვრიდან 2017 წლის 23 მაისის ჩათვლით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე აიღო 49 691 ლარი, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2017 წლის 25 მაისიდან იმავე წლის ბოლომდე აიღო 59 620 ლარი.
დეკლარაციის შევსების მომენტში ბანკ "რესპუბლიკაში" მას აღებული ჰქონდა 100 000 დოლარის ოდენობის სესხი და იმავე წელს ამ სესხთან დაკავშირებულმა გასავალმა 11 242 დოლარი შეადგინა. საგურამოში მშენებარე სახლის სამშენებლო სამუშაოების ხარჯებმა 39 000 ლარი შეადგინა.
ნინო ქადაგიძემ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2018 წლის 22 თებერვალს შეავსო. მის საკუთრებაშია 109 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში, რომელიც 2009 წელს იყიდა და 60 000 დოლარი გადაიხადა. ის ფლობს მსუბუქ ავტომანქანას "რავ4"-ს რომელშიც 2015 წელს 19 500 დოლარი გადაიხადა.
რაც შეეხება მის ანგარიშებს, დეკლარციის შევსების მომენტში ნინო ქადაგიძეს "თიბისი" ბანკის სახელფასოზე ერიცხებოდა ჯამში 7 957 ლარი. "საქართველოს ბანკის" საკრედიტოზე კი ჰქონდა 2000 ლარი. საანგარიშო პერიოდში სახელფასო დანაზოგის სახით მას ნაღდი ფულის სახით ჰქონდა 15 000 დოლარი.
ქადაგიძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ყოფნისას 2017 წლის განმავლობაში ანაზღაურების სახით აიღო 81 775 ლარი. ბანკ "რესპუბლიკაში" მას ბინის ნასყიდობისთვის აღებული ჰქონდა 52 000 დოლარის ოდენობის სესხი, რომლის შედეგადაც მისმა გასავალმა საანგარიშო პერიოდში 4572 ლარი შეადგინა. ნინო ქადაგიძემ 2017 წლის განმავლობაში ჰონორარის სახით ჯამში 17 126 ლარი აიღო.
გიორგი მიქაუტაძემ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2019 წლის 5 თებერვალს შეავსო. მას ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. მის საკუთრებაშია 3 საცხოვრებელი სახლი თბილისში, ესენია - 247,95 კვ.მ ფართობის, 52 კვ.მ ფართობისა და 64 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლები, რომელთა შეძენის ფორმად მითითებულია ნასყიდობა, თუმცა გადახდილი საფასურის ოდენობაში აღნიშნული 0 ლარი. ის ფლობს 15,05 კვ.მ ფართობის ავტოსადგომს, რომელიც 2019 წელს 11 000 დოლარად შეიძინა. მის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილი "ტოიოტა ლენდ კრუიზერი", რომელიც 2016 წელს 10 000 აშშ დოლარად შეიძინა.
საანგარიშო პერიოდში მიქაუტაძეს "თიბისი" ბანკის სახელფასოზე ჰქონდა 585 ლარი, ხოლო ნაღდი ფულის სახით ჰქონდა 17 000 ლარი, რომლის წყაროდაც მითითებულია დანაზოგი ხელფასიდან. მიქაუტაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანამდებობაზე 2018 წლის განმავლობაში ანაზღაურების სახით აიღო 90 675 ლარი, ხოლო მისმა მოსამართლე მეუღლე მაია კვირიკაშვილმა 72 506 ლარი. როგორც დეკლარაციაშია მითითებული, გიორგი მიქაუტაძეს უძრავი ქონების შესაძენად აღებული ჰქონდა სესხად 25 000 აშშ დოლარი და 2018 წელს ამ სესხთან დაკავშირებულმა მისმა გასავალმა შეადგინა 10468 ლარი, ასევე, განვადებებისთვის ჯამში მისმა გასავალმა შეადგინა 2 867 ლარი.
თამარ ალანიას ჰყავს მეუღლე და 3 შვილი. ის ფლობს 1674 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს მცხეთის რაიონში, რომელიც 2016 წელს 50 000 დოლარად შეიძინა. ასევე ფლობს მსუბუქ ავტომანქანა "ლექსუს" რომელიც 2014 წელს 16 000 დოლარად შეიძინა.
დეკლარაციის შევსების მომენტში, თამარ ალანიას "თიბისი" ბანკის ანაბარზე ჰქონდა 14 728 დოლარი, იმავე ბანკის "ვიზა გოლდზე" ერიცხებოდა 999 ლარი, ხოლო "თიბისი" ბანკის კოსმო ბარათზე ერიცხებოდა 115 ლარი, 79 დოლარი და 85 ევრო.
2017 წლის განმავლობაში თამარ ალანიამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლედ ყოფნისას ანაზღაურების სახით აიღო 87 941 ლარი, ხოლო იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად ყოფნისას იმავე წლის 12 თვის განმავლობაში 3977 ლარი. 2017 წელს გათბობის სისტემის დასაყენებლად განვადების სახით მას დადებული ჰქონდა ხელშეკრულება, რომლის ოდენობაც იყო 3282 ლარი და ამასთან დაკავშირებულმა გასავალმა შეადგინა 3300 ლარი. საანგარიშო პერიოდში თამარ ალანიას შვილების სწავლის საფასურის გადასახადმა გასავლის სახით შეადგინა 6 900 ლარი.
პაატა სილაგაძეს ჰყავს მეუღლე და 3 შვილი. მან ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2018 წლის 22 ივნისს შეავსო. ის ფლობს 12,29 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ სახლს ქუთაისში, რომელიც 2011 წელს 2 000 ლარად შეიძინა. ასევე 215 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს ქუთაისში, 147,93 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ სახლს ქუთაისში, რომელშიც 2011 წელს 5 000 ლარი გადაიხადა და 30 კვ.მ ფართობის ბინას თბილისში, რომელშიც 2015 წელს 24 000 დოლარი გადაიხადა. მის საკუთრებაშია 2014 წელს 20 000 დოლარად შეძენილი მსუბუქი ავტომანქანა "ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო" და 2018 წელს 15 000 ლარად შეძენილი "ტოიოტა ქამრი".
საანგარიშო პერიოდში პაატა სილაგაძეს "თიბისი" ბანკის სახელფასოზე ერიცხებოდა 3540 ლარი, იმავე ბანკის ანაბარზე ჰქონდა 6264 აშშ დოლარი, იმავე ბანკის მიმდინარეზე ერიცხებოდა 554 დოლარი. სილაგაძემ 2017 წელს 12 თვის განმავლობაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ანაზღაურების სახით აიღო 122 824 ლარი, ხოლო იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ლექტორის თანამდებობაზე 651 ლარი. საანგარიშო პერიოდში პაატა სილაგაძეს ბანკ "რესპუბლიკაში" აღებული ჰქონდა 15 000 ლარის ოდენობის სამომხარებლო სესხი, რომლის შედეგადაც მისმა გასავალმა საანგარიშო პერიოდში შეადგინა 4383 ლარი. იხილეთ სრულად