აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჰაჯიგაბულის ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული რუსული GAZ-ის ავტომობილები, ირანში, საქართველოსა და თურქეთში გაიყიდება. რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრ მაქსიმ ორეშკინის თქმით, GAZ-ის საწარმო, სხვა ერთობლივი პროექტების მსგავსად, აზერბაიჯანისა და რუსეთისთვის მომგებიანი იქნება.
ორეშკინი ამბობს, რომ ქარხანაში დაახლოებით 1 000 ადამიანი დასაქმდება. ამასთან, ავტომობილების ასაწყობად საჭირო მაკომპლექტებლების და კომპონენტების ნაწილს, ქარხანა რუსეთიდან მიიღებს, რაც ამ ქვეყნის ეკონომიკასაც ახეირებს.
ორეშკინი დასძენს, რომ ეს მხოლოდ ერთ-ერთია იმ ერთობლივი პროექტებიდან, რომელთა განხორციელებაც, დროთა განმავლობაში იგეგმება. „კოოპერაცია ძალიან აქტიურია. გვაქვს პრაქტიკული შედეგები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეკიპირება, რომლებსაც აქ გამოვუშვებთ, ქვეყნის მოქალაქეთა ცხოვრების დონეს გააუმჯობესებს“, - ამბობს მინისტრი.
GAZ-ის აზერბაიჯანული ქარხნის საძირკვლის ჩაყრის ცერემონია აზერბაიჯანის ჰაჯიგაბულის ინდუსტრიულ ზონაში 9 თებერვალს გაიმართა. მასში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 14 მილიონი მანათია. ქარხანაში საწყის ეტაპზე 100 ადამიანი დასაქმდება. იქ მსუბუქ კომერციულ ავტომობილებს - „გაზელ ნექსტს“ და „გაზელ ბიზნესს“, ასევე მსუბუქ სატვირთო „გაზონ ნექსტს“ გამოუშვებენ.