სურსათის ეტიკეტირების ახალ წესთან დაკავშირებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მომხმარებელთა და ბიზნეს სექტორის ინტერესთა გათვალისწინებით მიღწეულ იქნა შეთანხმება გარდამავალი პერიოდის რეგულაციაზე. ამის შესახებ ინფორმაციას დისტრიბუტორთა ასოციაცია ავრცელებს.
კერძოდ, მათი ცნობით, პროდუქციაზე ვადის ამოწურვამდე გავრცელდება გარდამავალი პერიოდის რეგულაცია და კომპანიებს მიეცემათ საშუალება, მათი რეალიზება მოახდინონ.
„ინტენსიური კომუნიკაციის ფორმატში მოხდება კომპანიებისთვის რეკომენდაციების გაცემა და სახელმძღვანელო მითითებების (გაიდლაინი) სრულყოფა და არსებულის დაზუსტება. გარდამავალი პერიოდი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული მხარეთა ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, რათა ბიზნეს სექტორს არ შეექმნას პრობლემა ბაზარზე ოპერირებისას და მაქსიმალურად იქნეს დაცული მომხმარებელთა ინტერესი. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის ირაკლი ლექვინაძის და მისი აპარატის აქტიური ჩართულობით მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული ბიზნეს სექტორის და მომხმარებელთა ინტერესი, რაც ,,მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის ეფექტურად იმპლემენტაციის შესაძლებლობას იძლევა.
საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად აქტიურად აგრძელებს ბიზნეს სექტორთან კომუნიკაციას, ,,მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტთან დაკავშირებით კომპანიების წინაშე არსებული საკითხების სურსათის ეროვნული სააგენტოსთან დაზუსტების მიზნით.
ასოციაცია კიდევ ერთხელ მიმართავს ყველა ადგილობრივ და იმპორტიორ კომპანიას, ასოციაციას მიაწოდონ ინფორმაცია ყველა იმ პრობლემური საკითხის შესახებ, რომელიც წარმოექმნებათ ,,მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ახალი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისას,“-აღნიშნული დისტრიბუტორთა ასოციაციის განცხადებაში.