ესპანური კომპანია საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობის შესაძლებლობით დაინტერესდა.
ამის შესახებ ინფორმაციას „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.
საუბარია ტურიზმის ინდუსტრიაში მოღვაწე ცნობილ კომპანია Iberostar Group-ზე, რომლის დირექტორმა და სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს.
კომპანიის სასაქონლო ნიშანს "პირველი ხაზის" სასტუმროები ("first line" hotels) წარმოადგენს, რაც სანაპიროს პირველ ზოლზე სასტუმროების განთავსებას გულისხმობს. გამომდინარე აქედან, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორმა ჯგუფს გააცნო შავი ზღვის საინვესტიციო პოტენციალი, საქართველოს ბუნებრივი, გეოგრაფიული და კლიმატური პირობები და ინვესტირება უძრავი ქონებისა და სასტუმროს ინდუსტრიის მიმართულებით შესთავაზა.
სააგენტოს ინფორმაციით, ესპანური კომპანია დაინტერესდა საქართველოში არსებული ტურისტული პოტენციალით. კერძოდ, შავის ზღვის სასაზღვრო ზოლზე მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობის შესაძლებლობით, საქართველოს გამჭვირვალე, ტრანსფარენტული და უსაფრთხო ბიზნესგარემოთი.
ცნობისთვის, კომპანია Iberostar Group, რომელიც 1956 წელს, კუნძულ მალიორკაზე ჩამოყალიბდა, მსოფლიოს მასშტაბით 20-მდე ქვეყანაში მოღვაწეობს და 120-ზე მეტი მაღალი სტანდარტების მქონე სასტუმროს მფლობელია.