საფოსტო გზავნილებზე 2 ლარიანი გადასახადი დაწესდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოქალაქეები სოციალურ ქსელში უკმაყოფილებასაც გამოთქვამდნენ.
„საქართველოს ფოსტა“ ახალი გადასახადის დაწესებას სპეციალური განცხადებით ეხმაურება:
„მომხმარებელთა უკმაყოფილებას ე.წ. 2 ლარიანი გადასახადის დაწესებასთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ „საქართველოს ფოსტისთვის“ მეტად მტკივნეული იყო ტარიფის დაწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობა განპირობებული იყო საერთაშორისო საფოსტო რეგულაციების ცვლილებებით, რომლებმაც, თავის მხრივ, გამოიწვიეს „საქართველოს ფოსტის“ დანახარჯების ზრდა გარკვეული ტიპის (საქონლის შემცველი საერთაშორისო გზავნილები) საფოსტო გზავნილების მომსახურებაზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „საქართველოს ფოსტა“ წარმოადგენს საფოსტო ოპერატორს, რომლის ფუნქციაც საფოსტო გზავნილების მიღება, დახარისხება და ჩაბარებაა. საფოსტო რეგულაციების მიხედვით, საფოსტო გზავნილად მიიჩნევა ერთი პირის მიერ მეორესთვის (მიუხედავად იმისა ნივთი მეგობრის მიერ გამოგზავნილი საჩუქარია თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად შეძენილი ნივთია) საფოსტო ქსელის გამოყენებით გაგზავნილი ნივთი, მიუხედავად იმისა თუ რა ღირებულებისაა ის.
სწორედ აღნიშნული გახლავთ იმის მიზეზი, რომ საფასური დაწესდა, არა გზავნილის შიგთავსის ღირებულების მიხედვით, არამედ თითოეულ გზავნილზე. აქვე აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო საფოსტო რეგულაციებთან, რომლითაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საფოსტო ოპერატორები და მათ შორის „საქართველოს ფოსტაც“ ახორციელებს თავის საქმიანობას,“- აღნიშნულია განცხადებაში.