გერმანიის ეკონომიკის და ენერგიის ფედერალური მინისტრი პეტერ ალტმაიერი ამბობს, რომ გერმანიის ფედერალური მთავრობა, გაზის სამხრეთის კორიდორის ნაწილის, ტრანს-ადრეატიკის გაზსადენის მშენებლობას და მისი მეშვეობით, აზერბაიჯანული გაზის ევროპისთვის მიწოდებას მიესალმება.
„აზერბაიჯანმა გაზის სამხრეთის კორიდორი, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის გახსნა და მათ საკუთარ ბუნებრივ აირს აწვდის. მაგრამ გაზის შესყიდვა, მხოლოდ კომპანიების გადასაწყვეტია“, - ამბობს მინისტრი.
ის ასევე აზერბაიჯანის გაზისა და ნავთობის მოპოვების სექტორში, გერმანული კომპანიების უფრო აქტიურად ჩართვის პერსპექტივებზე საუბრობს.
„ჩვენ ვიცით, რომ აზერბაიჯანული გაზისა და ნავთობის სექტორის ძირითადი მოთამაშე „სოკარია“. და რომ აზერბაიჯანს შემდგომი წლებისთვის, ამ სექტორში ინვესტირების გეგმები შემუშავებული აქვს. ჩაერთვებიან თუ არა ამ საქმეში გერმანული კომპანიები, ეს მათივე გადასაწყვეტია. ინვესტიციებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებთან, გერმანიის ფედერალურ მთავრობას შეხება არ აქვს“, - დასძენს ალტმაიერი.
მინისტრის თქმით, გასულ წელს აზერბაიჯანი გერმანიაში ნედლი ნავთობის მეცხრე უდიდესი მიმწოდებელი იყო. ამასთან, წინა წელთან შედარებით, გერმანიაში ნავთობის მიწოდების მოცულობა 2.7 მილიონ ტონამდე (2.45-დან) გაიზარდა.
გაზის სამხრეთის კორიდორი, ევროკავშირისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტთაგანია. მისი მეშვეობით, აზერბაიჯანიდან საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროპა წლიურად 10 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს. ამ კორიდორის პირველი ეტაპის გაშვების ცერემონია ბაქოში, გასული წლის მაისში ჩატარდა.
ამ ეტაპზე, ტრანს ადრიატიკის გაზსადენი და ტრანს ანატოლიის ბუნებრივი გაზის მილსადენი, თურქეთ-საბერძნეთის საზღვართან უკვე დაკავშირებულია.