ლევან იოსელიანი - „ყაზტრანსგაზ-თბილისთან" საკონსულტაციო საზოგადოებრივი საბჭოს მთავარი მიზანი უსაფრთხოება უნდა იყოს

„სამოქალაქო მოძრაობა" „სიბიეს ჯგუფის" გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვით „ყაზტრანსგაზ-თბილისთან" საკონსულტაციო საზოგადოებრივი საბჭო ჩამოყალიბდება.

„სამოქალაქო მოძრაობის" თანადამფუძნებელმა, ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ კომპანიის მიერ მათი შეთავაზების მიღებას მიესალმება. მისი თქმით, „ყაზტრანსგაზ-თბილისთან" საკონსულტაციო საზოგადოებრივი საბჭოს მთავარი მიზანი უსაფრთხოება უნდა იყოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ყაზტრანსგაზ-თბილისმა" მიიღო ჩვენი შეთავაზება და დაგვთანხმდა, შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო. ეს ჩვენი ახირება კი არ არის, არამედ საბჭო რეალურად იქნება მექანიზმი, რომელიც გამჭვირვალეს გახდის იმ პროცესს, რაც ხდება „ყაზტრანსგაზ - თბილისში". ფაქტია, რომ ეს აბსოლუტურად დახურული ორგანიზაციაა და ამ ქალაქში ადამიანები მისი ცუდი მენეჯმენტის გამო კვდებიან. საბჭოში ჩვენ გვეყოლება ძალიან აქტიური წარმომადგენელი, რომლის ფუნქციაც იქნება ერთი: ჩვენთვის, როგორც აბონენტებისთვის მაქსიმალურად გასაგები გახადოს, რას აპირებს ეს კომპანია, რათა ადამიანები გაზის გამო აღარ გარდაიცვალონ და 27 მილიონის დახარჯვა რომ აქვს გეგმაში, რაში დაიხარჯება ეს თანხა ერთი წლის განმავლობაში. ჩვენი აზრით, ეს მომხმარებელთა უსაფრთხოებაში უნდა დაიხარჯოს. ეს იქნება დღის წესრიგი, რაზეც ჩვენი წარმომადგენელი იმუშავებს საბჭოში. კერძო კომპანიის შიდა პროცესებში ჩარევას არ ვაპირებთ, მათ საკუთარი ბიზნესი სწორად უნდა მართონ. ჩვენი ერთადერთი ამოცანაა მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტირება. მოქალაქეებს კი ყოველკვირეულ ანგარიშს მივაწვდით საბჭოს საქმიანობის შესახებ", - განაცხადა იოსელიანმა.