თბილისის ახალი ავტობუსების ფერი უკვე შეირჩა.
თბილისში მოძრავი ახალი "მანის" ავტობუსები მწვანე ფერის იქნება. დედაქალაქში ახალი ავტობუსების ფერთან დაკავშირებით მერიამ გასული წლის ნოემბერში სოციალურ ქსელში გამოკითხვა ჩაატარა. მოსახლეობას არჩევანი ორ - მწვანე და ვერცხლისფერ ავტობუსებს შორის უნდა გაეკეთებინა.
როგორც ცნობილია, მერია 2019 წლის ბოლოსთვის ყვითელი ავტობუსების მთლიანად ჩანაცვლებას გეგმავს. თავდაპირველად დედაქალაქში 90 ერთეული ავტობუსი შემოვა. 500-550 ავტობუსის შემოყვანა კი მოგვიანებით მოხდება. ავტობუსები იქნება სხვადასხვა ზომის - 8-10 და 12-მეტრიანი.
თბილისის მერი კახა კალაძე პოლონეთის რესპუბლიკაში, კომპანია MAN-ის ქარხანაში იმყოფებოდა, სადაც ავტობუსების აწყობა-წარმოება ხდება. კალაძემ თბილისისთვის განკუთვნილი ის ავტობუსები დაათვალიერა, რომელთა ნაწილიც დედაქალაქის მოსახლეობას უახლოეს დღეებში მოემსახურება.
როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, 90 ერთეული ავტობუსიდან ნაწილი უკვე დამზადებულია და უახლოეს მომავალში თბილიში შემოვა.
„90 ერთეული ავტობუსი უკვე შევიძინეთ. გამოცხადებული იყო ტენდერი, რომელშიც გამარჯვებული კომპანია MAN-ის ტიპის ავტობუსებს შემოიყვანს. MAN-ის ტიპის ავტობუსები, რომლებიც თბილისში გადაადგილდება, საკმაოდ კომფორტულია. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ იქნება. წლის ბოლომდე ე.წ. ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება გვაქვს დაგეგმილი. ახალი ავტობუსები არის ათი მეტრის სიგრძის, ევრო-6-ის ტიპის, დიზელზე მომუშავე ავტობუსი, რომელშიც განთავსებულია ვიდეოკამერები იმისთვის, რომ ყველანაირი უსაფრთხოება იყოს დაცული. გათვალისწინებულია ასევე, შშმ პირთათვის განკუთვნილი ადგილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.