საავტომობილო გზების დეპარტამენტი მიმდინარე წლის თებერვალი-მარტის თვეში 52 ტენდერს გამოაცხადებს, რომელთა ჯამური ღირებულება 485 მილიონ ლარს შეადგენს,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ დაგეგმილ ტენდერებთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციულ შეხვედრებს, რომელიც 2018 წელს დავიწყეთ და 3 შეხვედრა სხვადასხვა პერიოდში კვარტლების მიხედვით გვქონდა. შეხვედრები კონტრაქტორ კომპანიებთან ტარდება და წინასწარ ვაცნობთ იმ გეგმას, თუ კონკრეტული პერიოდის განმავლობაში რა ტიპის, რამდენი და რა შინაარსის ტენდერი გამოცხადდება. ამ მომენტისთვის იმ ტენდერების რაოდენობა, რომელიც თებერვალ-მარტში უნდა გამოცხადდეს, 52-ია, რომლის ჯამური ღირებულება დაახლოებით ნახევარმილიარდ ლარამდეა. მთლიანობაში, პირველ კვარტალში ყველა გამოცხადებული ტენდერის გათვალისწინებით, ღირებულება სავარაუდოდ, 600 მილიონ ლარს გადააჭარბებს“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
მისივე თქმით, ნიშანდობლივია, რომ 4 ძირითადი მიმართულება შეიძლება იყოს გამოყოფილი და ეს ტენდერები დაჯგუფდეს: საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებები, მოვლა-შენახვის, პერიოდული შეკეთებისა და საგზაო რეაბილიტაციისა და ნაპირდაცვის ტენდერები.
„საგზაო უსაფრთხოებასთან მიმართებაში პირველად ხდება, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 9 მილიონი ლარი, რომელიც ძირითადად, თვალამრიდებისა და დამცავი ბაგირების მოწყობას მოხმარდება 70 კილომეტრამდე მანძილზე. მათი მოწყობა მოხდება სამეგრელო-ზემო სვანეთში და სამცხე-ჯავახეთში. გარდა ამისა, გათვალისწინებულია საგზაო უსაფრთხოების სხვა ღონისძიებები”,- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.