მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგის განმკარგავი პირების ვაკანსია წამყვან საერთაშორისო გამოცემებში გამოქვეყნდება. ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისივე თქმით, საინვესტიციო საბჭოს შესაქმნელად კანონით განსაზღვრულ პროცედურებს ზუსტად მიჰყვებიან. როგორც სურგულაძემ აღნიშნა, თითქმის უკვე შერჩეულია კომისია, რომელმა საბჭოს წევრები უნდა შეარჩიოს.
„7 კაციანი შესარჩევი კომისია იქნება, რომელიც საინვესტიციო საბჭოს შემადგენლობას შეარჩევს და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს. შესარჩევ კომისიაში სამი პარლამენტის წევრი, სამი საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და ერთი დამოუკიდებელი წევრი იქნება ეროვნული ბანკიდან. რაც შეეხება უშუალოდ საინვესტიციო საბჭოს, მის შემადგენლობა 5 წევრი იქნება, რომელთა შესარჩევადაც ვაკანსია წამყვან საერთაშორისო გამოცემებში გამოცხადდება. დიდი ალბათობით ეს გამოცემები იქნება - „ეკონომისტი“ და „ფაინენშალ თაიმსი“. აპლიკაციების წარდგენისთვის სავარაუდოდ, 3 კვირიანი, 21 დღიანი ვადა იქნება და საბჭოს წევრების შერჩევის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ ჩატარდება. შედეგად შეირჩევიან ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები, რომლებიც უკვე მართავდნენ ამ ტიპის ფონდებს ან აქტივების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ,“-აღნიშნა სურგულაძემ.
ცნობისთვის, სურგულაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით საპენსიო ფონდში 50 მლნ ლარზე მეტია მობილიზებული. ფონდში არსებული თანხა ამჟამად ნომინალურ ანგარიშებზეა განთავსებული და სარგებლის სახით 5-6% ერიცხება.
შეგახსენებთ, რომ ამონაგების მიღების მიზნით, საპენსიო აქტივების ინვესტირება სხვადასხვა კეთილსაიმედო ფინანსურ ინსტრუმენტებში იგეგმება. საპენსიო აქტივების საინვესტიციო პოლიტიკა კი დამოუკიდებელი საინვესტიციო საბჭოს მიერ ყალიბდება და ხორციელდება.