დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან გასვლა 40 წელს გადაცილებულ დასაქმებულებს 1-ელი აპრილიდან შეეძლებათ

„საპენსიო სააგენტოს“ დირექტორის ლევან სურგულაძის თქმით, 40 წელს ზემოთ დასაქმებულებს საპენსიო სისტემის დატოვებისთვის ორი თვის ვადა ექნებათ.

„დასაქმებული, რომელსაც 2018 წლის 6 აგვისტომდე 40 წელი შეუსრულდა, 1 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით საპენსიო სქემიდან გასვლას შეძლებს. ამისთვის საკმარისია საპენსიო სააგენტოს მიმართონ შესაბამისი განცხადებით. რაც შეეხება რეგიონებს, სოციალური მომსახურების სააგენტოებში 69 ლოკაციაზე გვეყოლება ოპერატორები, რომლებიც მოემსახურებიან საპენსიო სისტემის დატოვების მსურველებს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს თანხები გრძელვადიან ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტირდება, გვჭირდება ვიცოდეთ ვინ რჩება მასში. ვფიქრობ, დროთა განმავლობაში საზოგადოება დარწმუნდება სისტემის საჭიროებაში და მასში ჩართული თვითდასაქმებულების რაოდენობა გაიზრდება“, -აცხადებს ლევან სურგულაძე.

მისივე განმარტებით, პროცედურა მარტივი იქნება და სისტემის დატოვების შემდეგ სურვილის შემთხვევაში, 40 წელს ზემოთ მყოფ დასაქმებულებს მასში დაბრუნება შეეძლებათ.

ლევან სურგულაძის თქმით, „საპენსიო სააგენტომ“ ბოლო ორი კვირის განმავლობაში 30 ტრენინგი ჩაატარა ბუღალტრებისთვის.

„ექვსასზე მეტი ბუღალტერი დავატრენინგეთ, ბათუმშიც გვქონდა შეხვედრები და ვაპირებთ სხვადასხვა რეგიონებში ჩასვლას“, - განაცხადა სურგულაძემ.