რუსთავის მეტალურგიული ქარხანა Exxon Mobil -ს ფოლადის მილებს მიაწვდის

რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ აშშ-ს უდიდეს ნავთობკომპანიასთან Exxon Mobil-თან მილების მიწოდებაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწია. ამის შესაებ „ბიზნესპრესნიუსს“ რუსთავის მეტალურგიული ქარხნიდან აცნობეს.

როგორც საწარმოში აცხადებენ, ქარხანამ ამერიკაში მილების ექსპორტი შარშან დაიწყო. აშშ-ს მიერ ფოლადის ნაკეთობების იმპორტზე შემოღებული შეზღუდვების მიუხედავად, რუსთავი აგრძელებს ექსპორტს ამ ქვეყანაში.

„გაყიდვები ფართოვდება ჩვენი რეგიონის ქვეყნებშიც. ახლახანს რუსთავმა, მკაცრი კონკურენციის პირობებში, ხელშეკრულება გააფორმა უკრაინის სახელმწიფო გაზის მომპოვებელ კომპანიასთან. რუსთავის მეტალურგიული ქარხანა რამდენიმე წელია მილებს ევროკავშირის და ჩვენი რეგიონის ბაზრებზე ყიდის. ფოლადის უნაკერო მილი ტექნოლოგიურად ყველაზე რთული ინდუსტრიული პროდუქტია, რაც კი საქართველოს განვითარებულ ქვეყნებში ექსპორტზე გაუტანია. წელს დაგეგმილია ექსპორტის გეოგრაფიის გაფართოება. გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, ბულგარეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის არსებულ კლიენტებს დაემატება სამხრეთ კორეისა და ინდოეთის მომხმარებლები“, - აცხადებს მეტალურგიული ქარხნის დირექორი ნუგზარ კაჩუხაშვილი.