ელექტროენერგია  შესაძლოა გაგვიძვირდეს

ელექტროენერგეტიკის სექტორში ახალი სატარიფო მეთოდოლოგიების შემუშავება დასრულდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, შეიცვლება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი.

სემეკმა ახალი მეთოდოლოგიის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" გამართა. პრეზენტაციას "სემეკის" წევრები, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი, ელექტროენერგეტიკის სექტორში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ. "სემეკში" ამბობენ, რომ ახალი მეთოდოლოგია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, გამოცდილებასა და სტანდარტებს შეესაბამება. ახალი მეთოდოლოგია მიმდინარე წელს ამოქმედდება, თუმცა კონკრეტულად როგორ აისახება ელექტროენერგიის ტარიფზე, ჯერჯერობით უცნობია. კომპანიების წარმომადგენელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ტარიფი არ გაიზრდება, ნაწილი კი აცხადებს, რომ თუ დარგში ინვესტიციას განახორციელებენ, ეს ტარიფზეც უნდა აისახოს. ექსპერტები და სპეციალისტები კი ვარაუდობენ, რომ ტარიფის მკვეთრი ზრდა არ მოხდება.

ენერეგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი აცხადებს, რომ ახალი მეთოდოლოგია დაბალანსებულია და იცავს, როგორც მომხმარებლის ინტერესებს, რათა დაცული იყოს მომხმარებელი გაზრდილი ფასებისა და არამიზნობრივი ხარჯებისგან, ასევე გარკვეულ მოტივაციას და გარანტიას აძლევს ინვესტორს, რომ ინვესტირებული თანხა გარკვეული მოგების ოდენობით ამოღებული იქნება.

ვალიშვილის თქმით, მეთოდოლოგიაში სამართლიანობის მაღალი ხარისხი შემოდის. რაც შეეხება იმას, იმოქმედებს, თუ არა ახალი მეთოდოლოგია ელექტროენერგიის ტარიფზე, ვალიშვილის თქმით, ტარიფის მნიშვნელოვნად გაზრდა ნამდვილად არ მოხდება.

"ტარიფი ფაქტობრივად არ გადაანგარიშებულა რამდენიმე წელია, შესაბამისად, ყველა ინვესტიცია, რომელიც განხორციელდა, ის ხარჯები, რომლებიც ოპტიმიზირდა და ა.შ. რეალურად უნდა აისახოს ტარიფზე. ახლა მიდის ფართომასშტაბიანი გადაანგარიშება ყველა იმ კომპონენტის, რომელიც ტარიფის შემადგენლობაში შედის. მე ვერ გეტყვით შედეგს, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი კომპონენტია, მაგრამ ფაქტი არის ერთი, რომ თუ ვთქვათ, ინვესტიცია ჩაიდო, იმან უნდა მოიტანოს შედეგი - ნაკლები დანაკარგები, გაუმჯობესებული სერვისი, კარგი ხარისხი და შესაბამისად, ზედმეტი ხარჯის კომპენსაცია. მიღებული შედეგი ცალსახად არ უნდა მოქმედებდეს ტარიფზე და არ უნდა იზრდებოდეს. ტარიფის მნიშვნელოვნად გაზრდა ნამდვილად არ მოხდება. მართალია საამისოდ გარკვეული წინაპირობა არსებობს, ოპტიმიზაციის თვალსაზრისით შეიძლება რაღაც კომპონენტები გაიზარდოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთლიანად ტარიფი მნიშვნელოვნად გაიზრდება”,-განაცხადა ვალიშვილმა.

”სემეკის წევრის”, გოჩა შონიასთვის უცნობია, იქნება თუ არა ცვლილებები ტარიფებთან დაკავშირებით.

"ჩვენ ახლა შევიმუშავეთ ახალი წესი ტარიფების დადგენის, შესაბამისად, ამ წესის ამოქმედების შემდეგ ვნახავთ პრაქტიკაში, თუ როგორი იქნება ტარიფები. ახალი წესი არის ძალიან ფართოდ გავრცელებული წახალისებითი რეგულირება, რომელიც აძლევს ინვესტორს გარკვეულ სტიმულირებას, რომ მოიზიდოს ინვესტიციები ქსელში, სადაც ისინი ფუნქციონირებენ", - განაცხადა გოჩა შონიამ.

ელექტროენერგიის ახალი მეთოდოლოგიის პრეზენტაციის შემდეგ კომენტარი ენერგოსექტორში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებმაც გააკეთეს. "ენერგო-პრო ჯორჯიას" გენერალური დირექტორი, ნიკოლაი ნიკოლოვი აცხადებს, რომ თუ სახელმწიფოს და სემეკს ქვეყანაში შექმნილი ვითარების გაუმჯობესება უნდა, ტარიფები აუცილებლად უნდა გაიზარდოს.

" ჩვენი კომპანია უკვე წელიწადზე მეტია მუშაობს ამ მეთოდოლოგიაზე. ყველა მონაცემი, რაც სჭირდებოდა კომისიას ტარიფების განსაზღვრისთვის, ჩვენ უკვე მივაწოდეთ. ეს ძალიან გამჭირვალე მეთოდოლოგიაა, რომელიც ასახავს ქვეყანაში არსებულ ტენდენციას. მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას ახალ ტარიფებთან დაკავშირებით. ჩვენ გვჯერა, რომ ახალი ტარიფები ასახავს კომპანიის მოთხოვნილებებს. ჩვენ პოზიტიურად ვუყურებთ ამას. თუ საჭიროა ინვესტიციები, მაშინ, რა თქმა უნდა, ტარიფი უნდა გაიზარდოს. ეს გამომდინარეობს ქსელის მდგომარეობიდან. ასე რომ, თუ სახელმწიფოს და კომისიას უნდათ, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება გაუმჯობესდეს, ტარიფები აუცილებლად უნდა გაიზარდოს",-განაცხადა ნიკოლოვვმა. ამასთან კითხვაზე, როგორი იქნება ”ენერგოპრო ჯორჯიას” ინვესტიციების პაკეტი 2015 წელს, ნიკოლოვის თქმით, კომპანიამ შეიმუშავა ინვესტიციების სამწლიანი გეგმა და კომპანია წელიწადში დაახლოებით 100 მილიონი ლარის ინვესტირებას გეგმავს.

ჩვენ შევიმუშავეთ ინვესტიციების სამწლიანი გეგმა, რომელშიც წარმოდგენილია რამდენიმე ვარიანტ, გადავეცით ის კომისიას, და ეს საკითხი ჯერ განხილვის სტადიაზეა",- განაცხადა ნიკოლოვმა.

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა მიიჩნევს, რომ ელექტროენერგეტიკის სექტორში ახალი სატარიფო მეთოდოლოგია ქსელების საიმედოობას გაზრდის. რაც შეეხება იმას, გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი, მირცხულავა ამბობს, რომ მეთოდოლოგია იძლევა საშუალებას, ერთჯერადად არ მოხდეს ტარიფის სწრაფი გაზრდა.

"პირველ რიგში, ვფიქრობ მოსახლეობას აინტერესებს რამდენად გონივრულად იხარჯება ის თანხები რასაც ისინი ელექტროენერგიის საფასურში იხდიან. ეს მეთოდოლგია გამოიწვევს იმას, რომ აუცილებლად გაიზრდება ქსელების საიმედოობა. თვითონ კომპანიებს ეძლევათ საშუალება გრძელვადიან ჭრილში დაგეგმონ საქმიანობა. მარეგულირებელს ძალიან დიდი საქმე ემატება, მან საინვესტიციო კომპონონეტი მუდმივად უნდა ამოწმოს და ფაქტობრივად მუდმივ კონტროლში ეყოლება ეს გამანაწილებელი კომპანიები. უკეთესი მომსახურება, საიმედო მომსახურება არის სტიმული გამანაწილებელი კომპანიისთვის, რადგან ამ შემთხვევაში მისი ხარჯები უფრო ეფექტური ხდება. გაიზრდება თუ არა ტარიფი, ამაზე ვერაფერს ვიტყვი. გრძელვადიან ჭრილიში მაგალითად, კომპანია იღებს დიდ სესხს, რათა განახორციელოს თავისი საინვესტიციო ვალდებულებები, გრძელვადიანი გეგმები, ეს იმ მომენტში არ აწვება მომხმარებელს, რადგან დროშია გადანაწილებული. აქედან გამომდინარე ტარიფი არ განიცდის ისეთ მყისიერ ცვლილებას, როგორც ეს მოხდა თავის დროზე "თელასის" მენეჯმენტში ამერიკელების შემოსვლისას - ტარიფი უცებ გაიზარდა. ახლა ასეთი რამ არ მოხდება. ელემენტარულია, როცა ინვესტიციების განხორციელება ხდება, ის ტარიფზეც აისახება. ტარიფი იზრდება, მაგრამ ეს მეთოდოლოგია იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს ზრდა დროში გადანაწილდეს და არა ერთჯერადად და მყისიერად”, -ამბობს მირცხულავა.

რაც შეეხება მოქმედ ტარიფებს, კომპანია "თელასის" მომხმარებლებისთვის ტარიფები ასეა განსაზღვრული: 101 კვტსთ-ის ჩათვლით - 8,034 თეთრი/კვტსთ; 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ- ის ჩათვლით -10,56 თეთრი/კვტსთ; 301 კვტსთ-დან და მეტი - 14,998 თეთრი/კვტსთ.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" მომხმარებლებისთვის შემდეგი ტარიფები მოქმედებს: 101 კვტსთ-ის ჩათვლით - 7,63 თეთრი/კვტსთ; 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით - 11,00 თეთრი/კვტსთ; 301 კვტსთ-დან და მეტი - 14,83 თეთრი/კვტსთ.

ნათია ლეშკაშელი