25 წლის ქართველი მეღვინე ქალი Forbes-ის სიიდან - „2019 წლის მსოფლიოს ყველაზე წარმატებული 30 წლამდე ახალგაზრდები“

25 წლის მეღვინე ბაია აბულაძე Forbes-ის „2019 წლის მსოფლიოს ყველაზე წარმატებული 30 წლამდე ახალგაზრდების“ სიაში მოხვდა.

ამ სიას გამოცემა ყოველწლიურად ადგენს. ბაია აბულაძე კი ევროპის მასშტაბით საუკეთესოებს შორის შეირჩა.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს მცირე შემოკლებით:

„სოფელ ობჩაში, რომელიც დასავლეთ საქართველოში მდებარეობს, არის შვიდი აკრი ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი, სადაც ვენახია გაშენებული და ყურძნის მოსავალს ყოველგვარი პესტიციდებისა და სასუქების გარეშე იღებენ. შემდეგ მას წურავენ და წვენს უზარმაზარ თიხის ჭურჭლებში - ქვევრებში ინახავენ... რამდენიმე თვის შემდეგ ყურძნის წვენი უკვე არომატულ სასმელად - ღვინოდ იქცევა.

დღეს „ბაიას ღვინოები“ საქართველოში უკვე საკმაოდ ცნობილი კომპანიაა, რომელსაც 25 წლის ბაია აბულაძე ხელმძღვანელობს - მეოთხე თაობის მეღვინე, რომელმაც ღვინის დაყენება ჯერ ოჯახში ისწავლა, შემდეგ თბილისის კოლეჯში გაიღრმავა, ოთხი წლის წინ კი საკუთარი წარმოების ღვინო ჩამოასხა. სამშაბათს, 12 თებერვალს, Forbes-მა 25 წლის მეღვინე ბაია აბულაძე 2019 წლის მსოფლიოს ყველაზე წარმატებული 30 წლამდე ახალგაზრდების (30 Under 30) სიაში მოაქცია.

„ღვინის დაყენების ძველ და ტრადიციულ მეთოდს ვიყენებ. ჩვენმა წინაპრებმა კარგად იცოდნენ ეს საქმე და ესმოდათ, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მიწას“, - ამბობს ბაია აბულაძე, რომელსაც ვაზის გასხვლა და ღვინის დაყენება ბაბუამ ასწავლა, მთვარის ციკლის მიხედვით (დღეს ამ მეთოდს ბიოდინამიკურს უწოდებენ), - „ძალიან მნიშვნელოვანია მთვარის ციკლისადმი ყურადღება, რადგან ჩვენ ყველაფერს ბუნებრივად ვაკეთებთ, რაიმე სპეციალური დანადგარებისა და ქიმიური დანამატების გარეშე“.

მაია აბულაძე ოთხი მარკის ღვინოს აწარმოებს და ყიდის - იმ ვაზის ჯიშებისაგან, რომლებიც საქართველოს იმერეთის რეგიონშია გაშენებული. იმერეთი უფრო თბილია და ტენიანი, ვიდრე საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის უმთავრესი რეგიონი კახეთი. მაია აბულაძის ჩამოსხმული ღვინოებია თეთრი „ციცქა“ და „რქაწითელი“, აგრეთვე წითელი ფერის „ოჩხანური“ საფერეს ჯიშის ვაზისგან. მაგრამ კომპანია უფრო მეტად ცნობილია „კრახუნით“, რომელიც 15 დღის შემდეგ ფორთოხლის სასიამოვნო ფერს იღებს.

მაია აბულაძემ 2018 წელს 7500 ბოთლი ღვინო ჩამოასხა, ხოლო მიმდინარე წლის თებერვალში მათი ექსპორტი აშშ-ც განხორციელდა. იმერეთში დამზადებული ღვინის დიდი ნაწილი კოლუმბიის ოკრუგში იქნა შეტანილი, ვაშინგტონის რესტორან Maydan-ში, რომელიც, 2018 წლის მონაცემებით, აშშ-ის ერთ-ერთ საუკეთესო ახლადგახსნილ რესტორნად აღიარეს. როგორც მისი თანადამფუძნებელი კარლ შტაინერი ამბობს, „გემოსა და არომატის მიხედვით, ეს ღვინოები სხვას არცერთს არ ჰგავს, რომლებიც კი ოდესმე მქონია... ქართველები ნატურალურ, ბიოდინამიკურ ღვინოებს ათწლეულობით ადრე ამზადებდნენ, სანამ ეს მეთოდი ტრენდი გახდებოდა. მაია აბულაძის ღვინოები სანიმუშოა, რომლებშიც ერთმანეთთანაა შეთავსებული ტრადიციები და თანამედროვე მიღწევები“.

ახლა საკითხი ასე დგას: მოახერხებს მაია აბულაძე მის ღვინოებზე გაზრდილი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას? მისი ოჯახი თანდათან ზრდის მიწის ნაკვეთის ფართობს და როგორც მაია აბულაძე ამბობს, მალე კიდევ 15 აკრ მიწას შეიძენენ წარმოების გაფართოების მიზნით. მის გეგმაშია მიმდინარე წელს 9000-მდე ბოთლი ღვინის ჩამოსხმა. მასშტაბების მიუხედავად, მაია აბულაძე ამბობს, რომ მისი ოჯახის ფესვებისა და საქმისადმი ერთგული რჩება: „სოფელში ცხოვრება ხშირად მოდურად არ ითვლება, მაგრამ ჩვენ ამაყი ხალხი ვართ“.

სიმონ კილაძე