სუპერმარკეტების ქსელი „ორი ნაბიჯი“ შესაძლოა, გაიყიდოს. „ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, „ორი ნაბიჯის“ დამფუძნებლები მოლაპარაკებას „ნიკორა თრეიდთან“ და „კარფურთან“ აწარმოებდნენ. თუმცა იმის გამო, რომ შესაძლო მყიდველები „ორ ნაბიჯს“ ამ უკანასკნელის მიერ დასახელებულ თანხაზე ბევრად ნაკლებს სთავაზობდნენ, გარიგება ვერ შედგა. ჩვენი ინფორმაციით, „ორი ნაბიჯი“ კომპანიას საკმაოდ ძვირად, რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარად აფასებდა.
ბიზნესის შესაძლო გასხვისების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ „ორ ნაბიჯში“, თუმცა კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ჩხაიძე ამბობს, რომ კონკურენტებთან, კერძოდ კი, „ნიკორასთან“ ქსელების გაერთიანებაზე საუბარი ნამდვილად ჰქონდა.
„მაგრამ საუბარი იყო არა „ორი ნაბიჯის“ გაყიდვაზე, არამედ პირიქით, ჩვენ მიერ სხვა ქსელის შეძენაზე. ამ ეტაპზე კი გასხვისება არ განიხილება, უფრო მეტიც, აქტიურად ვგეგმავთ რეგიონებშიც განვითარებასაც“ , - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ გიორგი ჩხაიძემ.
„ნიკორა თრეიდში“ ქსელის შესაძლო გასხვისების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. როგორც კომპანიაში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, ამ ეტაპზე არც რომელიმე კონკურენტის შეძენა არ იგეგმება.
ცნობისათვის, სუპერმარკეტების ქსელი „ნიკორა“ ფლობს 242 სავაჭრო ობიექტს, რომელთაგანაც 191 თბილისში, ხოლო დანარჩენი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი. „ორ ნაბიჯს" 131 ობიექტი აქვს. როგორც TBC Capital-ის კვლევაშია აღნიშნული, შემოსავლის მიხედვით, „ნიკორა თრეიდს“ ბაზრის 21%-ი უკავია, „ორ ნაბიჯს“ კი - 13%. იმ შემთხვევაში, თუ ამ ორი ქსელის გაერთიანება მოხდა, ახლადშექმნილი ბრენდი რითეილ ბაზრის უპირობო ლიდერი იქნება - მას 433 სავაჭრო ობიექტი ექნება და შემოსავლის მიხედვით, ბაზრის 34%-ის მფლობელი გახდება.
თუ გარიგება „ორ ნაბიჯსა“ და „კარფურს“ შორის მოხდა, მაშინ ახალი, გაერთიანებული ქსელი ბაზრის 42%-ს დაიკავებს. TBC Capital-ის კვლევის მიხედვით, შემოსავლების მიხედვით დღეს რითეილ ბაზრის უპირობო ლიდერი „კარფურია“, მას ბაზრის 29% უკავია. „კარფური“ დღეს 13 ობიექტით არის წარმოდგენილი - თბილისში - 2 ჰიპერმარკეტი და 10 სუპერმარკეტი, ბათუმში - 1 სუპერმაკეტი.
რაც შეეხება „კარფურის“ პოზიციას „ორი ნაბიჯის“ შესაძლო ყიდვასთან დაკავშირებით, უცნობია. „ბიზნესპრესნიუსს“ „კარფურიდან“ პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
შეგახსენებთ, რომ „ორი ნაბიჯის“ შესაძლო გასხვისების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2015 წელს ვრცელდებოდა. მაშინაც „ორი ნაბიჯის" მყიდველად „ნიკორა" სახელდებოდა. თუმცა მაშინ „ნიკორამ" „ნუგეშის" ქსელი შეიძინა.