ბათუმთან, „მუყაოს ქალაქში“ 1700-ზე მეტი ოჯახისთვის საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება

ბათუმთან, „მუყაოს ქალაქში“ 1700-ზე მეტი ოჯახისთვის აშენდება საცხოვრებელი კომპლექსი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბინები სწორედ იმ ტერიტორიაზე აშენდება, სადაც არის „მუყაოს ქალაქი“.

„გასულ კვირას ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის შესახებ გვქონდა საუბარი. ბათუმთან არსებობს დასახლება, რომელსაც უწოდებენ „მუყაოს ქალაქს“. იქ მართლა ძალიან მძიმე ფონი შეინიშნება. ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ სოციალურად დაუცველი ოჯახები, მათ შორის, ეკომიგრანტები ზემო აჭარიდან. ეს ხალხი უკიდურესად მძიმე, ხშირ შემთხვევაში, საფრთხის შემცველ პირობებშიც კი ცხოვრობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ აჭარის მთავრობასთან ერთად მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და 1700-ზე მეტი ოჯახისთვის აშენდება ახალი საცხოვრებელი კომპლექსი და აქვე მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ ტერიტორიაზე ავაშენებთ და გადავცემთ ბინებს ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა ბახტაძემ.