ინვესტიციების მოზიდვა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ის ისტორიული არქიტექტურა და სიმდიდრე, რომელიც გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერი გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათუმის“ მიმართვას, რომელშიც აღნიშნულია, რომ ძველ ბათუმში ინვესტორების უფლებების დაცვის ხარჯზე ბათუმში ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა ნადგურდება.
„ჩვენთვის ინვესტიციების მოზიდვა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ის ისტორიული არქიტექტურა და სიმდიდრე, რომელიც გვაქვს. რა თქმა უნდა, არც ერთი ინვესტიცია არ უნდა ხორციელდებოდეს ამის ხარჯზე. ეს არის ჩემი ზოგადი შეფასება, თუმცა შემდეგ მთავრობის სხდომაზე აუცილებლად ვთხოვ მინისტრს დეტალურ მოხსენებას ამ საკითხზე და ის გააკეთებს თავის განმარტებას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.