2017 წელს ყველაზე დიდი მოთხოვნა მაღაზიების კონსულტანტსა და მოლარე-ოპერატორებზე იყო. ამის შესახებ ორგანიზაცია PMCG-ის კვლევაშია ნათქვამი. მათივე ინფორმაციით, 2017 წლის განმავლობაში, დასაქმების კერძო სააგენტოს - HR.GE-ს ვებ-გვერდზე სულ 32 767 ვაკანსია გამოცხადდა, საიდანაც უმრავლესობა, 34.2% (11 198) მომსახურებისა და გაყიდვების სფეროზე მოდიოდა.
„აღნიშნულ სფეროში ყველაზე დიდი მოთხოვნა - 59% (6 615 ვაკანსია) მაღაზიების კონსულტანტებსა და გამყიდველებზეა. გამოქვეყნებული ვაკანსიების 17.2% (5 621) სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებს მიემართება, ყველაზე დიდი მოთხოვნა კი - 50% (2 801 ვაკანსია) ბიზნესისა და ადმინისტრირების სპეციალისტებზეა. 2017 წელს, გამოცხადებულ ვაკანსიებს შორის, ასევე მაღალია ტექნიკოსებისა - 13% (4 252) და ოფისის დამხმარე პერსონალის - 11,8% (2 484) პროცენტული წილი. ყველაზე ცოტა, 51 ვაკანსია (0.2%) სოფლის მეურნეობის დარგში გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ გამოცხადებული ვაკანსიების უმეტესობა - 53.7%, სამუშაოს მაძიებლისგან საშუალო და/ან პროფესიულ, 36.9% - უმაღლეს, ხოლო 9.4% დაწყებით/საბაზო განათლებას მოითხოვდა“,- ნათქვამია კვლევაში.