აზიური ფაროსანას გავრცელების პრევენციაზე წელს 45 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული მიღწევებსა და გამოწვევების შესახებ საუბრისას ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, გასულ წელს ქვეყანას ექსპორტის კუთხით შთამბეჭდავი სტატისტიკა ჰქონდა და სწორედ ეს არის პასუხი იმ სკეპტიკოსების პოზიციაზე, რომ თითქოსდა ქვეყანაში სოფლის მეურნეობას მომავალი არ აქვს.
„გასულ წელს გვქონდა ძალიან შთამბეჭდავი სტატისტიკა. სოფლის მეურნეობის სექტორში ექსპორტმა თითქმის მილიარდს მიაღწია. ვფიქრობ, რომ ეს არის კიდევ ერთხელ ძალიან კარგი პასუხი იმ სკეპტიკოსებისთვის, რომლისგანაც ჩვენ ხშირად მოგვისმენია, რომ საქართველოში არ აქვს მომავალი სოფლის მეურნეობას. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ საქართველოში არ აქვს მომავალი ნატურალურ მეურნეობას, ანუ იმ ტიპის მეურნეობას, როდესაც ფერმერი, ჩვენი მოქალაქე გლეხი იძულებულია, რომ მოყვანილი პროდუქცია თავადვე მოიხმაროს. საქართველოში აქვს პერსპექტივა სოფლის მეურნეობას, აუცილებელია მასში იყოს სწორი აქცენტები გაკეთებული და ჩვენ მასში ძირითადი ფოკუსი გვინდა გავაკეთოთ ისეთ კულტურებზე, სადაც ჩვენ გვაქვს კონკურენტუნარიანი უპირატესობა“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებაც ისაუბრა. მამუკა ბახტაძემ პრევენციის აუცილებლობაზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამ კუთხით შესაბამისი ღონისძიებების გატარება უკვე დაევალა.
„მინდა, აღვნიშნო, რომ გასულ წელს ჩვენი სტატისტიკა უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა, რომ არა გასულ წელს არსებული მტკივნეული გამოწვევა, რაც ჩვენ გვაქვს სოფლის მეურნეობის სექტორში. ვსაუბრობ, აზიურ ფაროსანაზე, მის გავრცელებაზე და წლევანდელი პროგრამა არის საკმაოდ დახვეწილი, შეჯერებულია ყველა საერთაშორისო წამყვან ექსპერტთან. 2019 წლის პროგრამის თანახმად, ჩვენ დაახლოებით 45 000 000 ლარით დავაფინანსებთ ამ პროგრამას. სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს დავალება მიცემული, რომ ამ პროგრამით მოვიცვათ არამხოლოდ აზიური ფაროსანა, როგორც გამოწვევა, არამედ იქ სხვა პრობლემებიც არის სოკოვან დაავადებებთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, რომ პროგრამის წარმატებით რეალიზაციის შემდეგ ჩვენ დავიბრუნებთ და პირიქით გავზრდით საექსპორტო პოზიციებს, რომლებიც გვქონდა ჩვენ ორი წლის წინ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.