ფინანსთა სამინისტრომ ვალის მართვის სტრატეგია შეიმუშავა

ფინანსთა სამინისტრომ ვალის მართვის სტრატეგია შეიმუშავა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, სტრატეგია ქვეყანას დაეხმარება საინვესტიციო რეიტინგი მიიღოს.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ეროვნული ბანკის ჩართულობით, ჩვენს უცხოელ კოლეგებთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, ვალის მართვის სტრატეგია შეიმუშავა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ვრცელდება 2019, 2020 და 2021 წლებზე. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ის დოკუმენტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კაპიტალის ბაზრის განვითარება მომავალ წლებში, ლარიზაციის ტემპების დაჩქარება და საქართველოს ეკონომიკის გაძლიერება, რომ ჩვენ ვიყოთ უფრო მდგრადი გარე შოკების მიმართ. ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ამ სტრატეგიის რეალიზაცია კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის საქართველოს ეკონომიკას. რაც ძალიან მნიშვნელოვანია პერსპექტივაში დაგვეხმარება იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს საინვესტიციო რეიტინგი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი გახლავთ ის, რომ გავატაროთ ყველა რეფორმა იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს საინვესტიციო რეიტინგი“, - განაცხადა ბახტაძემ.