„არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ სოფლის მეურნეობაში თეორიულად რა მიმართულებებიც შედის, ყველას დაფინანსება შევძლოთ"

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობაში გვქონდეს სწორი აქცენტები და სწორი ფოკუსი. ჩვენ რა თქმა უნდა, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ სოფლის მეურნეობაში თეორიულად რა მიმართულებებიც შედის, ყველას დაფინანსება შევძლოთ. ეს ეკონომიკურად მიუღებელი და გაუაზრებელიც იქნება“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მამუკა ბახტაძემ იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომელთა საშუალებითაც მეწარმეებს ფინანსებზე წვდომა გაეზრდებათ.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს ძალიან ჯანსაღი, კარგი და რაც მთავარია მდგრადი ფინანსური მექანიზმები მცირე და საშუალო ბიზნესის წასახალისებლად სოფლის მეურნეობაში. ჩვენ დავიწყეთ ახალი საკრედიტო დაზღვევის სქემა, სადაც მნიშვნელოვნად გაძლიერდება სოფლის მეურნეობის კომპონენტი. მე ვფიქრობ ეს არის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ისეთი კულტურების განვითარებას საქართველოში, სადაც გვაქვს კონკურენტული უპირატესობა,“-განაცხადა ბახტაძემ.