„საქართველოს ფოსტის“ შეძენით ორი საერთაშორისო და ერთი ქართული კომპანიაა დაინტერესებული. ამის შესახებ ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
„როგორც ჩემთვის არის ცნობილი, „საქართველოს ფოსტის“ შეძენით ორი საერთაშორისო და ერთი ადგილობრივი კომპანიაა დაინტერესებული. საუბარია, ფრაგმენტულ ინვესტირებაზე, რაც ნიშნავს, რომ ბიზნეს სუბიექტები ინვესტიციის სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებით არიან დაინტერესებული. რა თქმა უნდა, სრული კომპანიის პრივატიზება წარმოუდგენლად დიდი მიღწევა იქნება, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი მხოლოდ რამდენიმეა განხორციელებული მსოფლიოს მასშტაბით,“- განაცხადა ჩიკვაიძემ.
მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს იმაზეც, რომ კომპანიის ღირებულების დადგენა მოხდეს. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო შპს „საქართველოს ფოსტის“ პრივატიზაციის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გასულ წელს განაცხადა.
ცნობისთვის, 2018 წელს კომპანიის აქტივის ღირებულება 12 მილიონი ლარით გაიზარდა და 85 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო წლიური ბრუნვა 90 მილიონი ლარიდან 103 მილიონ ლარამდე გაიზარდა.