შალვა ალავერდაშვილი: „თითქმის არც ერთ მცირე ზომის სასტუმროს არ აქვს დაცული სახანძრო უსაფრთხოების ნორმები“

თითქმის არც ერთ მცირე ზომის სასტუმროს არ აქვს დაცული სახანძრო უსაფრთხოების ნორმები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განუცხადა.

ამასთან, შალვა ალავერდაშვილის თქმით, თავად სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შემოწმების შესახებ ინფორმირებული არაა და სავარაუდოდ, ამის შესახებ არც მცირე ზომის საოჯახო სასტუმროებს ექნებათ ინფორმაცია.

„დიდი სასტუმროებისთვის ეს პრობლემა არ იქნება, თუმცა თითქმის არც ერთ მცირე ზომის სასტუმროს არ აქვს დაცული სახანძრო უსაფრთხოების ნორმები. კარგი იქნება პირველ ეტაპზე გაფრთხილება მოხდეს ობიექტების და შესაბამისი რეკომენდაციები გაიცეს. ადამიანის უსაფრთხოება ყველა სასტუმროში სათანადოდ უნდა იყოს დაცული,“ - აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.

როგორც ცნობილია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 14 თებერვლიდან შენობა-ნაგებობების სახანძრო უსაფრთხოებაზე შემოწმებას იწყებს. როგორც შსს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შემოწმებისას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს სასტუმროებს, მათ შორის საოჯახო სასტუმროებს, სავაჭრო და გასართობ ცენტრებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ყველა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილს. სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის დარღვევა ან შეუსრულებლობა 500-დან 10 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.