"სპეკულაციაა, რომ საპენსიო ფონდში ფული იკარგება ან ინფლაციას განიცდის"

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრებით დაკომპლექტება უახლოეს თვეებში მოხდება. ამის შესახებ მაჭავარიანმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, საინვესტიციო პროექტებში თანხების ჩადება შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდეც მოხდეს.

„როგორც იცით, მე ვარ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, შესაბამისად, ბოლო შეკრება როდესაც გვქონდა, მაგ საკითხს ვაყენებდი, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს საინვესტიციო საბჭოს ფორმირება. თუმცა, ის სპეკულაციები, რომ ფონდში ფული დევს, ან იკარგება ან ინფლაციას განიცდის, ეს ასე არ არის. თქვენს მიერ დანაზოგი პრაქტიკულად ორჯერ მეტად გემატებათ მომენტალურად. წლიური ინფლაცია აბსოლუტურად იქნება გათვალისწინებული. ახლაც მე მგონი, ეს თანხები დეპოზიტზე განთავსდა გუშინ თუ გუშინწინ, რაც როგორც მინიმუმ ინფლაციას დაფარავს. თუმცა, ეს არ არის ბიზნესმოდელი, უნდა მოხდეს სამომავლოდ მათი განთავსება საინტერესო, მაგრამ დაცულ პროექტებში, ამაზე არის ხედვა მაგრამ ეს საბოლოო ჯამში იმ საინვესტიციო საბჭომ უნდა ქნას, რომელიც რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი უნდა იყოს ჩვენგან. საბჭოს დაკომპლექტების ვადებს ვერ გეტყვით, მიმართეთ საპენსიო ფონდის ხელმძღვანელობას. დეტალებს ამ ეტაპზე ვერ გეუბნებით, უახლოეს თვეების საკითხია“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

რაც შეეხება ფონდში აკუმულირებული თანხების ინვესტირებას, ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, შესაძლოა ინვესტირება წლის ბოლომდეც მოხდეს.

„ინვესტირება წლის ბოლომდე უნდა მოესწროს, მაგრამ რომც არ მოესწროს, ეს არ ნიშნავს, რომ ამ წლის ინფლაცია ამ დანაზოგებს შეამცირებს. გაიზრდება დანაზოგები როგორც მინიმუმ ინფლაციით, თუ არა მეტით“, - განაცხადა მაჭავარიანმა.