თბილისის 63 საბავშვო ბაღში თანამედროვე სახანძრო უსაფრთხოების სისტემები დამონტაჟდება

თბილისის 63 საჯარო ბაგა-ბაღში თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მონტაჟი დაიწყო.

თბილისის მერის ცნობით, პროექტის ფარგლებში, თითოეულ ობიექტზე მიმდინარეობს ელექტროქსელების გაყვანა და სახანძრო დეტექტორების მონტაჟი. აღრიცხულია ის ოცამდე ბაგა-ბაღიც, სადაც ცეცხლმაქრების კომპლექტები დაემატება.

ამ სახანძრო სისტემების მთავარი მახასიათებელია სამისამართო სიგნალიზაცია, რაც საშუალებას აძლევს ადმინისტრაციას, ხანძრის შემთხვევაში, მართვის პულტის მეშვეობით, მყისიერად დააფიქსიროს განგაშის ადგილომდებარეობა და უმოკლეს დროში მოახდინოს ხანძრის ლიკვიდაცია.

თანამედროვე სტანდარტის სახანძრო სისტემა უკვე დამონტაჟებულია და მუშაობს თბილისის 43 საჯარო ბაგა-ბაღში. პროექტი გასულ წელს განხორციელდა.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ელ +“ აწარმოებს. პროექტის დასრულება მაისის ბოლოსთვის იგეგმება.