"თუ ვერ განვავითარეთ საექსპორტო პოტენციალი, საქართველოს ეკონომიკურ ზრდას სერიოზული პრობლემები ექნება"

თუ ვერ განვავითარეთ საექსპორტო პოტენციალი, საქართველოს ეკონომიკურ ზრდას ექნება სერიოზული პრობლემები,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი ქობულიამ ქართული ექსპორტის არაკონკურენტუნარიანობის ძირითად მიზეზებად მაღალი სატრანსპორტო ღირებულება და პროდუქციის ხარისხი დაასახელა.

„ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მიზანია ვაჭრობადი საექსპორტო პროდუქციის პოტენციალის განვითარება. საქართველო მცირე ეკონომიკაა, ჩვენ ვერ შევძლებთ, რომ რასაც მოვიხმართ, ყველაფერი ვაწარმოოთ, ამიტომ ყოველთვის გვექნება იმპორტი. მომსახურების ექსპორტის მხრივ პროგრესი გვაქვს, თუმცა საქონლის მიმართულებით ვერ ვხედავთ ისეთ პროგრესს როგორიც გვინდა, რომ დავინახოთ. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში გვაქვს რიგი ინიციატივები, რომლებსაც ვასრულებთ, რომ ჩვენი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემები ახლოს იყოს ევროკავშირის სტანდარტთან. თუ ეს არ გავაკეთეთ ჩვენი საქონლის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე არ მოხდება. ერთ-ერთი გამოწვევაა ფიტოსანიტარული ნორმები. ჩვენ გვინდა მეცხოველეობის პროდუქტის ექსპორტი, მაგრამ ევროკავშირში არ ცნობენ ჩვენს სერტიფიკატებს“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ამჟამად მიმდინარეობს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, სადაც გიორგი ქობულია „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ“ მოხსენებას აკეთებს.