ეკონომიკის მინისტრი არ ადასტურებს, რომ საცალო კრედიტებზე საბანკო რეგულაციების შედეგად კომპანიებს გაყიდვები 20-30%-ით შეუმცირდათ

არ ვადასტურებ, რომ საცალო კრედიტებზე საბანკო რეგულაციების შედეგად კომპანიებს გაყიდვები 20-30%-ით შეუმცირდათ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის შეკითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, რეგულაციები, რომლებიც საცალო კრედიტებზე დაწესდა, მოსახლეობას გაუაზრებელი კრედიტებისგან იცავს. „რაც შეეხება საცალო კრედიტებზე დაფინანსებას, აქაც არის რეგულაციები, რომელიც დიახ, მიზანმიმართულად არის შემოღებული, რომ ჩვენი მოსახლეობა არაჯანსაღი კრედიტებისგან დავიცვათ.

რა თქმა უნდა, მოლოდინი გვაქვს, რომ საცალო ვაჭრობაზე ამას რაღაც ზეწოლა ექნება და ჩვენ ეს გათვლილი გვაქვს. არ ვადასტურებ, რომ გაყიდვები 20-30%-ით შეუმცირდათ. ჩვენი რეგულაციები მოსახლეობას გაუაზრებელი კრედიტებისგან იცავს“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.