ბატონო გიორგი, შეიცვალა თქვენი პოზიცია და ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ?! - ამ კითხვით მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ, ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.
მინისტრმა გიგა ბოკერიას უპასუხა, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდა და შესაძლოა მისი ადრინდელი განცხადება მაშინ ვერ გაიგო. „ეკონომიკური ზრდა არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს განვითარებისთვის. ეს არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნისთვის. ეკონომიკური ზრდა საჭიროა იმისთვის, რომ გაიზარდოს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა... შეიძლება თქვენ არასწორად გაიგეთ“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
გიგა ბოკერიას განმარტებით კი „შენიშვნა მიღებულია“. „ე. ი. თავის დროზე არასწორად გავიგეთ ჩვენ. დიდი მადლობა, ანუ თქვენი ფრაზა მაშინ, არასწორად გავიგეთ?! თქვენ მაშინ მოხვედით, პატარა შოკში ჩაგვაგდეთ, ნუ ამახვილებთ ყურადღებას ეკონომიკურ ზრდაზე, არ არის მნიშვნელოვანიო... გავიგე, ვიღებ მაგ შენიშვნას. იცით ალბათ, რომ საშუალო ზრდა იმ პოლიტიკური გუნდის მმართველობის პირობებში, რომლის წევრიც თქვენ ბრძანდებით, ამ წლების განმავლობაში წლიური ზრდა 3,8% არის. მე კი ვიცი, მაგრამ თქვენ ხომ არ გაქვთ ხედვა, ამ ზრდით რამდენ ხანში დავეწევით ყველაზე ღარიბ ქვეყანას დღეს ევროკავშირში?! დღევანდელი ზრდით ბულგარეთს?“, - მიმართა ბოკერიამ ქობულიას.
ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას თქმით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. „პრაქტიკულად უმეტესი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი პროგნოზირებს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდა მომავალი ხუთი წლის განმავლობაში რეგიონში ყველაზე მაღალი იქნება. მე მგონი ჩვენ კმაყოფილი უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.